შსს ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელებში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტების განთავსების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმსა და აჭარის ა/რ-ის სხვა მუნიციპალიტეტებს შორის მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
„საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ბათუმის შესასვლელსა და გამოსასვლელებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის გასასვლელთან და შესასვლელთან საველე კარვები ააწყეს.
პუნქტებზე აჭარაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგი პოლიციამ უწყვეტ რეჟიმში უკვე დაიწყო.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ასევე უტარდებათ ტესტირება. პოლიცია, პრევენციულ ღონისძიებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ატარებს.
სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან. სამინიტროში აცხედებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.