ნინო ბურჯანაძე პარტიის ცენტრალური შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე: მოგვეცით ნორმალური არჩევნები!

448

„მზად ვართ ვიბრძოლოთ იმისთვის რომ მოვიპოვოთ ჩვენი ხმები, სერიოზული წარმომადგენლებით შევიდეთ პარლამენტში“,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძე პარტიის ცენტრალური შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პარტიის ცენტრალურ საარჩევნო შტაბს ირაკლი ჭყოიძე უხელმძღვანელებს. საარჩევნო შტაბის სპიკერი ბექა პეტრიაშვილი იქნება. თბილისის ორგანიზაციას ოთარ თავართქილაძე უხელმძღვანელებს, მამუკა აჩბა კი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელი იქნება. საერთაშორისო და არასამთავრობო როგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულების თამარ ზურაშვილი უხელმძღვანელებს, ქეთევან ზაქარეიშვილი კი სამართლებრივი და საარჩევნო საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი იქნება.

საარჩევნო ფონდს უხელმძღვანელებს აკაკი კიკვაძე, სარევიზიო სამსახურს კი დავით ეხვაია.

მანუჩარ ომანაძე წარმომადგენელი იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ნიკა პეტრიაშვილი კი ახალგაზრდებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი იქნება.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი გუნდი მზად არის იბრძოლოს პარლამენტში სერიოზული წარმომადგენლობით შესასვლელად.

„ ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ჩვენი ხმები, სერიოზული წარმომადგენლებით შევიდეთ პარლამენტში. არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ამდენი ადამიანის ნაწვალებს, ჩვენი და ჩვენი უამრავი მომხრეების წლების ნაბრძოლს ვინმეს მოვაპარინებთ და გავაყალბებინებთ. ჩვენ გვინდა სამართლიანი, წყნარი არჩევნები, მოგვეცით ნორმალური არჩევნები! ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რაც სამართლიანად იქნება დადებული ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძე.