“ხელისუფლება იყო მოუქნელი და დაუშვა შეცდომები” – მაჟორიტარობის კანდიდატი გელა კვარაცხელია ადიგენში მუსლიმების პრობლემებზე

431

სამცხეში, „ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა კვარაცხელია, რომელიც 2013-2017 წლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში მუშაობდა, ამბობს, რომ ადიგენში მუსლიმი თემის ირგვლივ გაჩენილი პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მოეგვარებინა, თუმცა, ვერ შეძლო. კანდიდატმა დღეს მედიისა და არასამთავრობო სექტორის კითხვებს უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე აქვეყნებს.

„ტრიბუნას“ კანდიდატმა, საკუთარი ხედვების შესახებ დღეს, 15 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

ყველაზე ხანგრძლივი დისკუსია გამოიწვია იმ გადაწყვეტილებებმა, რომლებიც მმართველი ძალის „ქართული ოცნების“ მიერ იქნა მიღებული მაშინ, როცა კვარაცხელიაც ამ გუნდის წევრი იყო. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო რელიგიური უმცირესობები.

გამომდინარე იქიდან, რომ გელა კვარაცხელია 2013-2017 წლებში, მაშინ, როცა ადიგენში ადგილობრივ მუსლიმ და ქრისიტიან თემებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში მუშაობდა, საუბარი შეეხო ამ თემებსაც.

წლების შემდეგ, კვარაცხელია მიიჩნევს, რომ პრობლემა, რომელიც მოხეში, ერთი შენობის ირგვლივ გამწვავდა, ხელისუფლების შეცდომა იყო.

„მე ვთვლი, რომ არ უნდა მომხდარიყო ეგ კონფლიქტი. ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო და არ უნდა დაწყებულიყო საერთოდ. ვთვლი, რომ ნაკლები კომუნიკაციის საქმეა, ადგილობრივ წარმომადგენლებს უნდა უზრუნველეყოთ, რომ ეს პრობლემა არ შექმნილიყო. ხელისუფლება იყო მოუქნელი და დაუშვა ბევრი შეცდომა, რომელი შეცდომების გამოც მოგვიწია მერე ცენტრალური ხელისუფლების ჩართვა და იმ ორგანოებისაც, რომლებსაც ეს ეხებოდა“.

კითხვაზე, მიაჩნია, თუ არა, ეს იყო „ქართული ოცნების“ მიერ გამოწვეული პროვოკაცია, კვარაცხელიამ განმარტა: „მიმაჩნია და ასე იყო, უფრო მეტსაც გეტყვით, ყველა პრობლემას მისი [ქართული ოცნების] სახელი აქვს“.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ეს იყო არა ერთჯერადი, არამედ კომპლექსური პრობლემა, ხელისუფლებასა და მუსლიმ თემს შორის ურთიერთობისა.

გარდა რელიგიური უმცირესობებისა, კვარაცხელიამ უპასუხა კითხვებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის შესახებაც და აღნიშნა, რომ წარსულში პარლამენტში სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, შესაბამისად, ამ საკითხებს კარგად იცნობს. მან ადგილობრივ სომხურენოვან არასამთავრობო ორგანიზაციებს შესთავაზა სპეციალური დოკუმენტის მომზადება, რომლებსაც შემდეგში მაჟორიტარობის კანიდადებს წარუდგენენ:

„მე გთავაზობთ, შევადგინოთ დოკუმენტი პუნქტობრივად, თქვენი საჭიროებების და წინადადებების, წარვუდგინოთ ის დეპუტატობის კანდიდატებს. ვიკითხოთ, ვინ მოაწერს მას ხელს და ვინ აიღებს პასუხისმგენლობას, რომ ამ საკითხებს გაატარებს, როდესაც პარლამენტში შევა. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვის დავუჭიროთ მხარი“.

კანდიდატის აზრით, ინტეგრაციის კუთხით, საარჩევნო ოლქები არასწორადაა დაყოფილი. მისივე აზრით, ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქი არ უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამ ოლქში უნდა შედიოდეს სხვა ქართულენოვანი დასახლებებიც: „ახალქალაქი-ნინოწმინდაში უნდა ყოფილიყო რამდენიმე ქართული დასახლებაც. ეს ხელს შეუწყობდა იმას, რომ პარლამენტში რომ ადგება ნინოწმინდა-ახალქალაქის დეპუტატი, სხვა ვერ ეტყვის მას – შენ ხარ სომხეთის ინტერესების გამტარებელიო“.

გელა კვარაცხელიამ საკუთარ თავზეც ისაუბრა და კითხვაზე იყო თუ არა წარსულში, „მოქალაქეთა კავშირში“ ყოფნის დროს „ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის კადრი“, ასე უპასუხა:

„ლევან მამალაძე არის ჩემი მეგობარი. მაშინ, როცა გირგვლიანის მკვლელებს 3 და 4 წელი მიუსაჯეს, ზუსტად მაგ პერიოდში, ლევან მამალაძეს 17 წელი მიუსაჯეს. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე… არცერთი ასფალტი და არცერთი აშენებული შენობა არ ცვლის ადამიანურ ურთიერთობებს, არც უნდა ცვლიდეს და ადამიანების ტრაგედიაზე არ უნდა გადიოდეს. სახელმწიფო არ უნდა მიცვლიდეს მე გზას და შუქს იმაში, რომ მაპატიმრებდეს, მძარცვავდეს და შეურაცხყოფას მაყენებდეს“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

დღევანდელ შეხვედრაზე მას რეგიონში შშმ პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრებში არსებული მდგომარეობის შესახებაც ესაუბრნენ, ასევე კითხვა დაუსვეს ემიგრანტების დაბრუნების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის” ახალციხის ოფისმა.