ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით არჩევნებზე სიცხის დაფიქსირების მიუხედავად ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ შეეზღუდება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. როგორც ჟვანია ამბობს, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ცდილობენ ისეთი წესები შეიმუშავონ, რომელიც არ შეზღუდავს ამომრჩეველს და ამავე დროს მის უსაფრთხოებას დაიცავს.
“პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შევთანხმდით, რომ ამომრჩევლებს, მიუხედავად სიცხის დაფიქსირებისა, ვერ შევუზღუდავთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. მათ ძალიან მცირე ხნით უწევთ კონტაქტი კენჭისყრის მიზნებისთვის. 15 წუთზე ნაკლები იქნება კონტაქტი, რაც არაა სარისკო კონტაქტი საერთაშორისო სტანდარტით”, — აღნიშნა ჟვანიამ.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე მოქალაქე მხოლოდ პირბადით დაიშვება. იმ შემთხვევაში კი თუ ამომრჩეველს საკუთარი ნიღაბი არ ექნება, მას ადგილზე შესთავაზებენ. ასევე, უსაფრთხოების მიზნით მათ ერთჯერადი კალმები დაურიგდებათ.
ამასთან, შეიცვლება ხმის მიცემის კაბინების დიზაინი. როგორც ჟვანიამ განმარტა, კაბინებს ფარდები არ ექნებათ და ისინი ისე განლაგდება, რომ ხმის მიცემის ფარულობა უზრუნველყოფილი იყოს. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სადეზინფექციო ხსნარი მარკირებას არ შლის.
ხმის მიცემასთან დაკავშირებით ჟვანია ამბობს, რომ კარანტინში მყოფი პირების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ცესკოს უფლებამოსილებაშია. ხოლო რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს, იგი ამბობს, რომ ეს კვლავ მსჯელობის საგანია.