აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდი მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს 506.000 აშშ დოლარით დააფინანსებს

492

აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდი მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს 506.000 აშშ დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრების პროექტი გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა წარმოადგინა და მის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მცხეთის ჯვრის ტაძრის დასაცავად.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი ეწვევიან ჯვრის მონასტერს, რათა აღნიშნონ მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციისთვის გამოყოფილი დაფინანსება. ამის შემდეგ, ელჩი დეგნანი ეწვევა ჩუბინაშვილის ცენტრს, სადაც მას და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ლევან ხარატიშვილს პროექტის დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენენ.

„საუკუნეთა განმავლობაში მცხეთის ჯვრის ტაძრის სამშენებლო მასალამ საგრძნობი დაზიანება განიცადა ქარის, ნალექებისა და ბიოლოგიური მიკროორგანიზმების ზემოქმედებით. ამჟამინდელი მდგომარეობა მძიმეა და თანდათან უარესდება. ამ პროცესის შესაჩერებლად და მცხეთის ჯვრის ტაძრის დაცულობის უზრუნველსაყოფად გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა პროექტი მოამზადა და აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დაფინანსება $ 506 000 ოდენობით მიიღო.

გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი, რომელიც ხორციელდება აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ითვალისწინებს მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას. პროექტის განსახორციელებლად 2019 და 2020 წლებში ორჯერ გამოიყო აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დიდი გრანტი. 2019 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა გამოყო დაფინანსება – 100 000 აშშ დოლარის ოდენობით პროექტის პირველი ეტაპისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინარულ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას. ამ სამუშაოებში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის მერი ქეი ჯუდი, დამოუკიდებელი ექსპერტი აშშ-ის არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ასოციაციიდან. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია.

2020 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო $506 000 მისი მეორე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობს ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად. ეს ეტაპი მოიცავს 30 თვეს (30 სექტემბერი, 2020 – 31 მარტი, 2023).

მცხეთის ჯვრის სულიერი, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა კარგად არის ცნობილი. ეს ადგილი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების პირველივე წლებთან. აქ აღმართული ჯვარი მთელი კავკასიის მასშტაბით ცნობილ სიწმინდეს წარმოადგენდა. ტაძარი, რომელიც უფრო მოგვიანებით, მეექვსე საუკუნის ბოლოს აიგო, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესი ნიმუშია. მცხეთის ჯვარი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რაც ზრდის მის საერთაშორისო მნიშვნელობას. საკონსერვაციო პროექტის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მცხეთის ჯვრის ტაძრის დასაცავად. ამ სამუშაოებმა უნდა აღმოფხვრას არსებული პროგრესირებადი საფრთხეები და უზრუნველყოს შენობის ქვის წყობის ხანგრძლივი მდგრადობა და მთლიანობა. მოსალოდნელია, რომ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მომავალ 20 წელიწადში კონსერვაციის აუცილებლობა აღარ იქნება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.