რატიანი: ხელისუფლებამ იმ დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, უფლებამოსილება შეუწყვიტა

1367

ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო აგონიაშია, რაც დადასტურდა სკოლის დირექტორების მიმართ განხორციელებული მასშტაბური სადამსჯელო ქმედებით, კერძოდ, ხელისუფლებამ იმ დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, დაკისრებული უფლებამოსილება შეუწყვიტა და საჩვენებელი დასჯის გეგმა აამუშავა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თბილისის მასშტაბით სექტემბრის დასაწყისში 110 (177-დან) სკოლის დირექტორს, რომელთაც გაუვიდათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა, შეუწყდათ ხელშეკრულება, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეულ კადრებს ხელშეკრულება გაუგრძელდათ. სკოლის მიღმა დარჩა დაახლოებით დირექტორთა ნახევარი – პროფესიონალი კადრი, მრავალწლიანი გამოცდილებით. პროცესი, რომელიც დაიწყო თბილისით გრძელდება მთელ საქართველოში. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდა კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი, თუმცა, ამასთანავე, სკოლები პანდემიის რთულ პერიოდში აღმოჩნდნენ დირექტორების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ეფექტური გადაწყვეტილების რისკებს ზრდის და საფრთხის წინაშე აყენებს საგანმანათლებლო პროცესის გამართულობას.

სამართლიანი იქნებოდა ამ ადამიანებს მოეთხოვათ დაუყოვნებელი აღდგენა, თუმცა ხაზგასასმელია მათი მოთხოვნა, რომელსაც ვუერთდები და მივმართავ განათლების მინისტრს – დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა დისკრიმინაციული ქმედება, რაც გამოიხატა გადაწყვეტილებით, რომ სკოლის დირექტორებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება; მეორე – დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება, რათა უმოკლეს ვადაში მიეცეთ შესაძლებლობა სკოლებს აირჩიონ დირექტორები და სასწავლო პროცესი წარიმართოს ქმედუნარიან გარემოში. მინდა, კიდევ ერთხელ, შევახსენო განათლების მინისტრს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ია კერზაია, რომლის სიცოცხლეც განათლების სამინისტროსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად ნეიტრალური სკოლის დირექტორების წინააღმდეგ დაგეგმილმა სადამსჯელო ღონისძიებამ შეიწირა“, – განაცხადა რატიანმა.