„კონსერვატიულმა პარტიამ“ 30 მაჟორიტარული ოლქიდან 7 ოლქში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

409

„საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ 30 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ 7 ოლქში წარადგინა საკუთარი კანდიდატურა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა კანდიდატთა წარდგენაზე განაცხადა, ეს არის შემთხვევა, როდესაც 7 უდრის 30-ს.

„კონსერვატიულმა პარტიამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ვაკის საარჩევნო ოლქში ხათუნა საგინაშვილი, ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში თეა ერგემლიძე, ბათუმის საარჩევნო ოლქში ნატალია ძიძიგური, სამტრედიის, ხონის, ვანის, და წყალტუბოს საარჩევნო ოლქში კობა ძიძიგური, ხობის, ფოთის და სენაკის ოლქში თემურ წურწუმია, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში გია ბენიძე და ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გიორგი მორგოშია წარადგინა.

ზვიად ძიძიგურმა პარტიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიმართულება ნარკოდამოკიდებულების სპორტით ჩანაცვლება იქნება. „ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ გამოვარჩიეთ რამდენიმე ძირითადი. მთავარი პრობლემა ქვეყანაში გახლავთ ნარკოდამოკიდებულების პრობლემა. ღვინის ქვეყანაში, ოჯახის ქვეყანაში მარიხუანამ წალეკა ახალგარდობა. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს მარიხუანას მავნებლობაზე სოციალური კამპანია. სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ალტერნატივა. ჩვენი ხელისუფლება მოქალაქეებს ნარკოტიკის ნაცვლად შესთავაზებს სპორტს. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა „სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად“. ასევე, სამარცხვინოა ვეტერანებს 22 ლარიანი სუბსიდიით ვკვებავდეთ. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ, რომ 22- ლარიანი სუბსიდია გაიზარდოს 100 ლარამდე და 3000- ლარიანი დაუბეგრავი მინიმუმი გაიზარდოს 14 400 ლარამდე. მესამე თემა, რომელიც არის მნიშვნელოვანი, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მიმდინარეობს ორკესტრირებული თავდასხმა და ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ძიძიგურმა.