ოთარ კახიძე: ქუთაისის მერიაში კორუფციის ფაქტები გამოვლინდა, თუმცა, არავინ დასჯილა

400

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ კახიძის განცხადებით, ქუთაისის მერიაში კორუფციის ფაქტები გამოვლინდა, თუმცა არავინ დასჯილა.

როგორც კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა ამ ფაქტს ამ დრომდე უწყების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წელს მასშტაბური კორუფციის ფაქტები გამოავლინა ქუთაისის მერიაში. ქუთაისის მერიამ ე.წ. სოციალური საცხოვრისის 2 მილიონ ნახევრიანი ტენდერის პირობები მოარგო კონკრეტული იურიდიული პირის, შპს “სანოს” ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ფართის შესყიდვას კონკურსის პირობები და მოთხოვნები არ ითვალისწინებდა, მერიამ შპს „სანოს“ დამატებით გადაუხადა 1 800 000 ლარი. მერიამ სოციალური საცხოვრისი შეისყიდა არასაბაზრო ფასად. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს მაშინ, როდესაც მერიამ გადაიხადა 1000 ლარი. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 2 მილიონ ლარს. გარდა იმისა, რომ კორუფციული სქემა დააორგანიზეს და ქუთაისის ბიუჯეტიდან მილიონები მოიპარეს, მერიამ სოციალური საცხოვრისი მოაწყო უხარისხოდ. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი პირობები. პარლამენტში ანგარიშის განხილვისას, აუდიტის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ დასკვნა პროკურატურაში იყო გაგზავნილი და რეაგირება მათ უნდა მოეხდინათ. მივმართავ გენერალურ და საოლქო პროკურატურას – უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, რატომ არ არის გამოვლენილი ქუთაისის მერიის არცერთი თანამდებობის პირი, ვინც მიითვისა ბიუჯეტის მილიონები? ვის და რატომ აფარებენ ხელს?“ – განაცხადა კახიძემ.