საკრებულოსთან სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს

772

თბილისის საკრებულოსთან სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი თბილისის მერიასა და საკრებულოსგან კომპენსაციის სახით 3000 ლარის ოდენობით თანხის მიღებას და საკრებულოს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს. როგორც აქციის მონაწილეთა ადვოკატმა ნონა ფილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერიასა და საკრებულოს ხანძრით დაზარალებულების მიმართ უსამართლო მიდგომა აქვს, რადგან მოხდა მათი დაყოფა. ადვოკატის განმარტებით, ხანძრით დაზარალებულთა ნაწილმა დახმარება 3000 ლარის ოდენობით უკვე მიიღო, ნაწილმა კი არა.

„როდესაც ჩვენ საკრებულოს და მერიას მივმართეთ წერილობით, აეხსნათ, რატომ მოიქცნენ ასე, პასუხი იყო ამგვარი, რომ ჩვენ სიები გადმოგვეცა და იმ სიების შესაბამისად გავეცით დახმარებებიო. მათივე განმარტებით, თუ ვინმემ არ მიიღო დახმარება, ეს არის იმ ადამიანების და იმ შპს -ების ბრალი, ვინც კონკრეტულად სიები გადმოგვცა და მათ ედავეთო”, – განაცხადა ნონა ფილაურმა.

ადვოკატის განმარტებით, მერიის და საკრებულოს პასუხი მათ სასამართლოში გაასაჩივრეს. მისი თქმით, საქმე სხვადასხვა ინსტანციაში წარმოებს, ნაწილთან მიმართებით საქმეზე განხილვა უზენაესმა სასამართლომ დაასრულა, რომლის გადაწყვეტილებითაც უმაღლესმა ინსტანციამ მერიას და საკრებულოს დაავალა, რომ დაზარალებულთა მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მათზე თანხები გასცეს.

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრში „ბავშვთა სამყარო” ხანძარი 2017 წლის იანვარში გაჩნდა.