ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩახაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სწავლა, 1-ელ ოქტომბრამდე, დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ასევე ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში, 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.