გორის მერი შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის საქმეზე მორიგ განმარტებას აკეთებს

690

გორის მუნიციპალიტეტის მერი შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის საქმეზე მორიგ განმარტებას აკეთებს.

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ თემურ მანველიშვილის კომენტარზე მის გამოხმაურებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან არასწორი აღქმა მოჰყვა, რის გამოც მისი დამოკიდებულების შესახებ უფრო დეტალური განმარტების გაკეთება გადაწყვიტა.

“თემურ მანველიშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ჩემს ინტერვიუს, რომელიც სოციალურ ქსელში რადიო „მოზაიკამ“ გაავრცელა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. მეტი სიზუსტის მიზნით, ვავრცელებ აღნიშნულ განმარტებას. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას ვფიქრობდი თემურ მანველიშვილის სარჩელის შესახებ, რომელიც მისი განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ეხება გულწრფელად ვუპასუხე რასაც ვფიქრობდი, რომ მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა. თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა სასამართლო მიიღებს”, – ამბობს თავზარაშვილი.

თავზარაშვილის თქმით, მანველიშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და მის ადგილას სხვა ადამიანი კანონის შესაბამისი პროცედურების დაცვით, უკვე მუშაობს.

“მორიგ კითხვაზე, თუ რატომ იყო ჩამთვის მიუღებელი მისი სამსახურში დაბრუნება, ჟურნალისტს ვუპასუხე, რომ წარმოუდგენელია რატომ უნდა იყოს ჩემთვის ან სხვისთვის მიუღებელი მისი სამსახურში დაბრუნება. მეტი სიზუსტისთვის იქვე განვმარტე, რომ მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა და პოზიცია რომელიც მისი სამსახურიდან წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით დაიკავა სხვა პიროვნებამ”, -ამბობს გორის მერი.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილმა უფროსმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თემურ მანველიშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ დაწერილი ბრძანების ბათილად ცნობა და განაცდური ხელფასის მიღება მოითხოვა.