„ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ საზოგადოებას ჯანდაცვის ის რეკომენდაციები წარუდგინეს, რომლითაც, “პანდემიის დროს ქვეყანამ უნდა იხელმძღვანელოს”. პარტიის ლიდერებმა ხელისუფლება ვირუსის მართვასთან დაკავშირებით გააკრიტიკეს.
“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემოლოგიურ ფონს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის იყენებს.
“პოლიტიკურ ინტერესსაა დაქვემდებარებული სრულიად ჯანდაცვის სისტემა და მათი გადაწყეტილებები ამ მიმართულებას ექვემდებარება, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად აისახება ეპიდემიის არასწორ მართვაზე. ეპიდემიის გამწვავებას კი ხელისუფლება ხალხს აბრალებს და თავის პასუხისმგებლობას განიხილავს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც მართვის ფაზაზე არასდროს არ გადასულა. მათ უნდა ესწავლებინათ მოსახლეობისთვის ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და არა შეკეტვა, რადგან კიდევ ერთ სახლში ჩაკეტვას საქართველოს ეკონომიკა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ვერ გადაიტანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დათესოს პანიკა და შიში, რომელიც მხოლოდ მათ აწყობთ, რადგან გვიახლოვდება არჩევნები და ფიქრობენ, რომ ნაკლები ხალხი მივა არჩევნებზე, რაც მხოლოდ მათი პოლიტიკის ნაწილია,”-განაცხადა ლევან კობერიძემ.
“ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან გასამკლავებლად, პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელიც 15 პუნქტისგან შედგება:
1. რეკომენდაციების, პროტოკოლებისა და გაიდლაინების უპირობო დაცვა ყველასათვის, გამონაკლისების გარეშე. მათი შესრულების მუდმივი მხარდაჭერა, კონტროლის უზრუნველყოფა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
2. კოვიდ19-ის ვირუსის ეპიდემიის დროს საბავშვო ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მართვის მზადყოფნა და მათი ფუნქციონირების მუდმივი კონტროლი.
3. სწავლის დაწყებამდე საშუალო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლების, აღმზრდელების, ადმინისტრაციული და სამეურნეო განყოფილებების თანამშრომლების ვირუსზე ტესტირების ჩატარება.
4. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიორებისა და მძღოლების დატრეინინგება, მათთვის მონიტორინგის ფუნქციის მინიჭება და პასუხისმგებლობის დაკისრება.
5. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვა პირადი დაცვის საშუალებებით, ოჯახის ექიმების (ქალაქებში, სოფლად) და ექთნების მზაობის ხარისხის დადგენა და მათი გადამზადება ინფექციის მართვის საკითხებში.
6. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ყოველდღიური კონტროლი და მხარდაჭერა.
7. სახელმწიფოს მხრიდან ეპიდემიასთან დაკავშირებული სრულყოფილი და გამჭირვალე საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელება.
8. საავადმყოფოების მზაობისა და ფუნქციონირების მუდმივი მხარდამჭერი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან.
9. სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – წვრთნა და აღჭურვა. ცხელების ცენტრებისა და პროფილური კლინიკების სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური შემოწმება/ტესტირება (სამუშაოს დაწყებამდე) PCR დაჩქარებული ტესტებით.
10. ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მუშაობის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
11. დაავადებათა კონტროლის რეგიონალური ცენტრების გაძლიერება- ადამიანური რესურსები, ტექნიკური აღჭურვილობა და გადამზადება.
12. საარჩევნო უბნების რეგულაციების დროული შემუშავება. იზოლაციასა და სტაციონარში მყოფ ადამიანებისთვის ხმის მიცემის უფლების რეალიზაცია.
13. იმ სასტუმროების პერსონალის დატრენინგება და კონტროლი, სადაც კარანტინის რეჟიმში გადაყვანილი ადამიანები ან უსიმპტომო პაციენტები არიან მოთავსებულები.
14. მოსახლეობასთან ეფექტიანი საკომუნიკაციო კამპანიის წარმოება მიმდინარე და მოსალოდნელი სიტუაციიდან გამომდინარე, პრევენციული და გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ. კონკრეტულ სოციალურ გარემოსა და სიტუაციებში ქცევების წესების ფორმირება
15. წინსაარჩევნო გარემოსთან მიმართებით მკაფიო გაიდლაინებისა და რეკომენდაციის შემუშავება მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიებისათვის. “ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის, ვატო სურგულაძის თქმით, “ლელოს” 15 რეკომედაცია არ არის ახალი, თუმცა ეს რეკომენდაციები გაწერილია იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე და მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში იყოს დაცული.