“ევროპული საქართველო”: “ოცნებამ” ჩვენს პლაკატებზე თავისი გადააკრა, ვამზადებთ საჩივარს

648

“ევროპული საქართველოს” ახალციხის შტაბში ამბობენ, რომ მათ მიერ გაკრულ საარჩევნო პლაკატებზე, “ქართული ოცნების” აქტივისტებმა თავიანთი სააგიტაციო მასალები განათავსეს ისე, რომ “ევროპელების” პლატაკები მთლიანად დაიფარა. “ოცნების” შტაბში კი აცხადებენ რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

“ევსაქების” ახალციხის შტაბის ხელმძღვანელის, დავით ხარშილაძის თქმით, მსგავსი შემთხვევა რეგიონის მასშტაბით ქალაქ ახალციხეში რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე ბორჯომსა და სოფელ აწყურში გამოვლინდა.

„მთლიანად გადაფარეს ჩვენი პლაკატები ახალციხეში სამ ადგილას, ბაზართან, ასევე დიდმამიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე, იგივე მდგომარეობაა აწყურსა და ბორჯომშიც. ამ წუთებში ვამზადებთ განცხადებას და დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურად შევიტანთ საჩივარს“ – აცხადებს ხარშილაძე

მისივე თქმით ეს პარტიის სააგიტაციო მასალების დაზიანების პირველი შემთხვევა არაა – “აქამდე ხევდნენ ყველგან, იმ ადგილებში სადაც ჩამოხევა ვერ შეძლეს, მოვიდნენ და თავიანთი პლაკატები გადააკრეს” – განმარტავს ხარშილაძე.

სამცხე–ჯავახეთში “ევროპული საქართველოს” სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები გამოავლინა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც” (ISFED)

ორგანიზაციის 8 სექტემბრის ანგარიშში ნათქვამია რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ პლაკატები მასობრივად დაზიანდა საქართველოს 14 მდე მუნიციპლაიტეტში, მათ შორის ახალციხესა და ბორჯომში.

,,ოცნების” აქტივისტებმა გადააკრეს თუ არა თავიანთი პლაკატები ევროპელებისას, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მართველი პარტიის ახალციხის შტაბის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გვარამაძე, რომელმაც “სამხრეთის კარიბჭესთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ პარტიის შტაბში, ამაზე ინფორმირებული არავინაა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით სააგიტაციო მასალის დაფარვა, ისევე როგორც პლაკატების ჩამოხევა ან დაზიანება დასჯადი ქმედებაა, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მასალა აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.