საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, არანაირი სხვაობა არ უნდა იყოს ყაზბეგსა და თბილისში მცხოვრები მოსახლეობისთვის შესაძლებლობების მხრივ. ამის შესახებ მთავრობის მეთურმა ყაზბეგში მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დღეს 12 მილიონი ლარია და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი იქნება. ამასთანავე, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით, თბილისიდან ყაზბეგში ჩასასვლელი დრო ერთი საათით შემცირდება და რანდენიმე წელში რეგიონში ცხოვრების პირობები შეიცვლება.
„პატივია, აქ ისტორიულ ხევში ხვალინდელ გეგმებსა და ხვალინდელ დღეზე საუბარი იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მიზანი არის, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე. ეს არის ჩვენი აქ შეკრების ძირითადი მიზანი. მოგეხსენებათ, რომ აქ ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. 2012 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო დაახლოებით, 3-3,5 მილიონი, დღეს ეს ბიუჯერი არის 12 მილიონი, მომავალ წელს ეს უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი, იმიტომ, რომ არანაირი სხვაობა ადამიანი ყაზბეგში ცხოვრობს თუ თბილისში ბავშვებისთვის, მოხუცებულებისთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის არ უნდა იყოს, შესაძლებლობები უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში ერთი და იგივე- განათლების ხარისხში, სოციალურ და სამედიცინო დახმარებაში, ყველაფერი უნდა იყოს ერთნაირი. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს იქნება ეს „აწარმოება საქართველოში“ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამები, ჩვენ გავაკეთეთ ეს ყველაფერი ისე, რომ მივიტანეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო ახლოს. ყველა რაიონში, ყველა მუნიციპალიტეტში თქვენ შეგიძლიათ თქვენს სამოქალაქო ცენტრში ან იუსტიციის სახლში მიხვიდეთ და ზუსტად ის მომსახურება მიიღოთ, რასაც თბილისის იუსტიციის სახლში ან რომელიმე სამინისტროში მიიღებდით. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, რომ აქ ადგილზე ახალგაზრდები დავამაგროთ, რომ მათ, ვისაც აქვს ამის ნიჭი, შესაძლებლობა და სითამამე, პირველი ნაბიჯი გადადგან ბიზნესში, დაიწყონ თავისი საქმე, გახსნან სასტუმრო ან კიდევ ბევრი რამ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ადამიანებს შევუქმნათ ერთნაირი სამართლიანი პირობები ყველგან – ქალაქში იქნება ეს თუ მთაში. გარდა ამისა, აქ, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. მოგეხსენებათ, რომ უკვე დაწყებულია პრაქტიკულად ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა. უპრეცედენტოდ დიდი და მნიშვნელოვანი ისტორიული გზა იქნება ამ რეგიონისთვის, რომელიც გააძლიერებს აქაურობის სატრანზიტო პოტენციალს. ყველას კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობა კარგია, ტურიზმიც კარგია, მაგრამ ტრანზიტი ყოველთვის იყო ამ რეგიონის ძლიერი მხარე. უახლოეს პერიოდში დაიწყება ჟინვალამდე გზის პროექტირება. მოკლედ რომ გითხრათ, თბილიდან აქ ამოსვლა, დაახლოებით, 1 საათით უფრო სწრაფად მოხდება და ამას დასჭირდება სულ 3-4 წელი. იმიტომ რომ ქვეშეთი- კობი დასრულდება 2023-2024 წლებში და ასევე ნატახტარი- ჟინვალის გზის პროექტირება. სულ სხვა რეგიონი და სხვა ცხოვრება იქნება აქ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.