“ლელომ” ჩხოროწყუში მაჟორიტარობის კანდიდატი, თამარ ბელქანია წარადგინა

557

დღეს, 11 სექტემბერს ჩხოროწყუში “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარუდგინა. ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მისი ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და ადგილობრივებს ლელოს “მარშალის გეგმის” მნიშვნელობა განუმარტა.

“ჩემი პოლიტიკაში მოსვლა არის სერიოზული გადაწყვეტილება, წამოვედი ბიზნესიდან იმიტომ, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას აქედან. ჩემს მეგობრებთან ერთად ქვეყანას გამოვიყვანთ სიღატაკიდან, ნეპოტიზმიდან და უიმედობიდან. ამას შევძლებ, დარწმუნებული ვარ, რადგან ლელოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ახალი ხედვები აქვთ და დავამარცხებთ იმ მდგომარეობას, რომელშიც არსებულმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ეს ქვეყანა მიიყვანა. მინდა დავამარცხოთ შიში, რადგან უამრავ ადამიანს ვხვდებით და გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვერდით არიან, მაგრამ ეშინიათ, სოციალური დახმარება არ მოუხსნან. 30 წლის წინ საქართველომ იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ეს თავისუფლება ქართულ ოცნებას უნდა, რომ ჩაკლას მოსახლეობაში, მაგრამ ამის ნებას არ მივცემთ. არც იმის ნებას მივცემთ, რომ რუსეთისკენ წაგვიყვანონ და რუსული პოლიტიკა მოგვახვიონ თავს. სანამ ამას საბოლოოდ არ დავასრულებთ, ვერ მივალთ სრულ თავისუფლებამდე”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ქვეყნის შენება იმ აუცილებელი პროექტებით უნდა დაიწყოს, რომელიც დასავლეთისკენ წაგვიყვანს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

“ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი პროგრამა, რომელიც ლელოს დამფუძნებლებმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ. ლელოს “მარშალის გეგმა”, საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმა არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად სხვა რელსზე წაიყვანს, ეს არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ახალი კომპანიების შენების გამოცდილება, ისე, რომ არავის დახმარება არ დაგვჭირვებია, ახლაც იმავეს ვგეგმავთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, — აცხადებს ხაზარაძე.

ადგილობრივებს თამარ ბელქანიამ მიმართა და მათ თავის პოლიტიკურ ცხოვრებასა და შეხედულებებზე ესაუბრა, ბელქანიამ, მოსახლეობას ის გეგმები გააცნო რომლის განხორციელებასაც ლელოსთან ერთად გეგმავს.

“არასდროს ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ლელოში კი იმიტომ მოვედი, რომ ვენდობი მათ და ვიცი, რომ ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ წარმართავენ. მთელი სამყაროს წინაშე დავდგები ოღონდ სამეგრელო გამოვიდეს ამ გაჭირვებიდან და მე ამას ლელოსთან ერთად გავაკეთებ”, — განაცხადა თამარ ბელქანიამ.

ლელოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას მიმართა და ლელოსთან ერთად რეგიონში სამომავლო ცვლილებებზე ისაუბრა.

“მე ზურგს მიმაგრებს გუნდი, რომელმაც იცის, ეს ქვეყანა ჭაობიდან როგორ ამოიყვანოს, არათუ ამოიყვანოს, არამედ ზუსტად იცის, როგორ ატაროს იმ გზით, რომელიც წარმატებას მოუტანს. ახალგაზრდებს, რომლებიც აქ დგანან, სჭირდებათ კარგი განათლება, ყველა ოჯახს შემოსავალი და ქვეყანას ეკონომიკური კეთილდღეობა. ამ ყველაფრის გასაღები კი ლელოა თავისი რეალისტური გეგმით და დიდი გამოცდილებით”, — აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი