10 სექტემბერს ახალქალაქში, მერიის შენობის წინ, 12–მდე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ადგილობრივ გაზის კომპანიას, ტარიფების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებენ და მერიას დახმარებას სთხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ აქცია მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია, რადგან „ეს ჯი გაზ კომპანი“, მისი ძმისაა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ახალქალაქის ცენტრში მოსახლეობა სხვადასხვა სოფლიდან შეიკრიბა, ისინი ითხოვენ გადამოწმდეს, რამდენად სამართლიანია ბუნებრივი აირის გადასახადი. მათი მტკიცებით, ტარიფი ხელოვნურადაა გაზრდილი და ამაში კომპანია „ეს ჯი კომპანის“ ადანაშაულებენ.
„აქ შევიკრიბეთ 12 სოფლის მოსახლეობა, ჩვენი მოთხოვნაა გაზის საფასური შემოწმდეს, გადასახადი მოდის ზედმეტი, უკვე წლებია და ნელ–ნელა უფრო და უფრო მეტ ადამიანს უწევს ზედმეტის გადახდა. ოჯახში ერთი წერტილიდან მეორეში გადაყვანისთვისთვისაც ძვირია ტარიფი, ვიხდით იმაზე მეტს ვიდრე ასპინძაში ან ახალციხეში“, – აცხადებს აქციის მონაწილე ხაჩატურ სარქისიანი.
პროტესტის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთანაც ითხოვეს შეხვედრა და კომპანიასთან პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. მათ მერის მოადგილე, არმენ მარანგოზიანი შეხვდა.
„მათ ვერ დავპირდებით პრობლემის მოგვარებას. გაზის კომპანიას უნდა მიმართონ ამ პრობლემასთან დაკავშირებით“ – განაცხადა მარანგოზიანმა.
ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციას, მიზანმიმართული „შავი პიარის კამპანიას“ უწოდებს „ქართული ოცნების“ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი.
„ყველამ იცის რომ აღნიშნული კომპანია არის ჩემი ძმის, რომელმაც 15 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ როცა გაზი ბევრ რეგიონში არ იყო, გამოიყვანა ნინოწმინდასა და ახალქალაქში. მაშინ ყველა კმაყოფილი იყო. ესენი ამბობენ რომ ტარიფები იმაზე მეტია, ვიდრე სხვაგან, რაც სიცრუეა, ეს ხალხი იმისთვის გამოიყვანეს რომ რეპუტაცია შემილახონ, ეს არის ძალიან ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ“ – აცხადებს ენზელ მკოიანი, თუმცა არ ამბობს, ვინ გამოიყვანა ადგილობრივები აქციაზე.
„ეს ჯი გაზ კომპანის“, რომლის წინააღმდეგ დღეს მოსახლეობა გამოვდა, მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები აკონტროლებენ. კერძოდ, საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 20%–ს შპს „მეეკი“ ფლობს, რომლის მეწილეებიც ენზელ მკოიანის ძმა და მისი შვილი არიან.
ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის აქცია ქალაქის ცენტრში, მერიის შენობასთან, დაახლოებით, 1 საათი გაგრძელდა.