ახალციხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ახალციხის მერიამ უკანონო მშენებლობისთვის ორჯერ დააჯარიმა

428

ახალციხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა მიქელაძე, ბენზინგასამართი სადგურის უკანონო მშენებლობის გამო, მერიამ ორჯერ, მთლიანობაში 2 500 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას სამხრეთს კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური შვიდ თვეზე მეტ ხანს სწავლობდა, უკანონოდ დაიწყო თუ არა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, მამუკა მიქელაძემ. საბოლოოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი ერთხელ 500, მეორედ კი 2 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა შენობის დემონტაჟის ან შეჩერების გადაწყვეტილება არ მიუღია.

იანვრიდან უკვე მეშვიდე თვეა ადგილზე სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს. ბენზინგასამართი სადგური თითქმის დასრულებულია.

მერიის ზედამხედვლეობის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის მერიას მიმართა. თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ საკითხის შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ამავე კითხვაზე წერილობით გასცა მერიამ პასუხი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ – „აღნიშნული პიროვნება დაჯარიმდა ორჯერ – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის „გ“ პუნქტისა (სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა – 500 ლარი) და 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტის (უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება – 2000 ლარი) შესაბამისად“, – ასეთი ტექსტი მიიღო პასუხად ორგანიზაციამ მას შემდეგ, რაც მერიას მოკვლევის შედეგები რამდენჯერმე მოსთხოვა.

„იანვრიდან დღემდე მერია ჩვენს წერილებზე გვპასუხობდა მხოლოდ იმას, რომ საკითხს სწავლობდნენ. ბოლოს, გასულ კვირას, ამ საქმის წარმოების მასალების დაშტრიხული სახით წარმოდგენა ვთხოვეთ, იმაში დასარწუნებლად მაინც, რომ ამ საქმეს რეალურად სწავლობდნენ. ასევე, მშენებლობა თითქმის დასრულდა და საინტერესო იყო, თუ რა დაადგინა მერიამ და მოგვწერეს, რომ ორჯერ დააჯარიმეს“, – ამბობს „გამჭვირვალობის რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე.

ის, რომ მშენებლობა უკანონო იყო, 2020 წლის აპრილში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში დაიწერა.

დოკუმენტის თანახმად, მიქელაძის უკანონოდ აშენებული ბენზინგასამართი სადგური სამ მიწის ნაკვეთს ფარავს, რომელთაგან ერთი (34 კვ.მ) ეკუთვნის მამუკა მიქელაძეს, (მაღალჩინოსანმა ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა იქამდე დაიწყო, სანამ ახალციხის მერია ნებართვას მისცემდა).

მეორე ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო, რომელიც ორგანიზაციის კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში ქონების სააგენტომ აუქციონზე გაიტანა და მიქელაძის ბიზნესპარტნიორმა, იმედა მუმლაძემ შეიძინა.

მესამე კი ის ტერიტორიაა, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, საბოლოოდ სასამართლომ მიქელაძე გაამტყუნა, 10 000 ლარიანი ჯარიმა და სამწლიანი პირობითი მიუსაჯა. საქმე ეხებოდა მიწის ნაკვეთს, რომელიც მიქელაძემ მაშინ გადაიფორმა, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საკუთრების უფლების აღიარების კომისიას” ხელმძღვანელობდა.