აჭარაში გიდების დროებითი დასაქმების პროგრამა ამოქმედდა

1064
ბათუმი

აჭარაში გიდების მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედი გიდებისთვის დროებითი დასაქმების პროექტი დაიწყო.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, პროექტი, რომელშიც რეგიონში მოქმედი 25 მაღალკვალიფიციური გიდია ჩართული, ერთის მხრივ გიდების დასაქმებას, მეორეს მხრივ კი მთიანი აჭარის ტურისტულ ობიექტებში კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მათივე ინფორმაციით, გიდების დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდები აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს კოვიდის პერიოდში სერვისების უსაფრთხოდ გაწევასთან დაკავშირებით გაუწევენ კონსულტაციებს. ერთი თვის განმავლობაში ისინი 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს მოინახულებენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ პანდემიის პირობებში აჭარაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაში.

გიდების დროებითი დასაქმების პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი USAID-ის დაფინანსებითა და აჭარის გიდების ასოციაციის მხარდაჭერით ანხორციელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის, თინათინ ზოიძის განცხადებით, გიდები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიაწოდებენ ტურისტულ ობიექტებს საინფორმაციო მასალებსა და რეკომენდაციებს კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაგრძელებთ გიდების მხარდაჭერას. პროგრამის პირველ ეტაპზე მათ კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით ტრენინგები ჩავუტარეთ და გადავეცით კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები. ახლა კი ვიწყებთ დასაქმების პროგრამას, რომელშიც 25 პროფესიონალი გიდია ჩართული.

ჩვენი მიზანი პანდემიის პირობებში მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა და ამავდროულად, კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის ინფორმაციული მხარდაჭერაა. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავიცვათ სტანდარტები და ვუზრუნველყოთ ერთმანეთის უსაფრთხოება. გიდები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიაწოდებენ ტურისტულ ობიექტებს საინფორმაციო მასალებსა და რეკომენდაციებს კოვიდსტანდარტებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს სექტორის მზაობას პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ უმასპინძლონ ტურისტებს. ჩვენ გიდების მხარდაჭერის პროგრამას ამით არ ვასრულებთ და ეტაპოპრივად მათ, სხვადასხვა პროექტებს შევთავაზებთ,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძემ.

მათივე ინფორმაციით, გიდების დროებითი დასაქმების პროექტის პირველ ეტაპზე გიდებმა კოვიდსტანდარტებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისტანციური სწავლება გაიარეს, რათა სწორად უზრუნველყონ კერძო სექტორის ინფორმირება. მუნიციპალიტეტებში გასვლამდე ისინი PCR ტესტირებას ჩაიტარებენ და უზრუნველყოფილნი იქნებიან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით.