ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესი დაარღვია.
როგორც მიქელაძემ განაცხადა, ცესკოს ადმინისტრაციამ პარტიის მხრიდან გავრცელებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა, რასთან დაკავშირებითაც გამოვლინდა დარღვევები.
ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნება.
„ჩვენ მოგვმართა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივრით, არსებობდა შესაბამისი ვადები, ცესკოს თავმჯდომარის დავალებით შესაბამისმა სამსახურმა ამ საკითხის შესწავლა დაიწყო. 10 – დღიანი ვადა იყო ამისათვის, დღეს გაიმართა ცესკოში ზეპირი მოსმენა, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. ზეპირ მოსმენაზე იყვნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, ასევე იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები – ისინი, ვინც კონკრეტული საჩივრის ავტორები იყვნენ. მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ წარმოედგინათ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, ვინაიდან, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დარღვეული იყო წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესი. ეს არის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი. სანქცია განიხილება 79-ე მუხლით. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში და ის მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პარტია უნდა დაჯარიმდეს თუ არა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.