გორის მერი: ახალი განყოფილება შევქმენით და დავიწყეთ ბავშვების დაცვა

366

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ახლად შექმნილმა განყოფილებამ მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა 1 სექტემბრიდან საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 96-ე მუხლი ავალდებულებს.

კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს, ასევე უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ამავე კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში უნდა დასაქმდეს, სულ მცირე, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი.

გორის მერის განმარტებით, ახლადშექმნილი განყოფილებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებები იდენტური არ არის.

“ეს სამსახური იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში, დაიშალა, იქ აღარ არსებობს და გადმოვიდა ჩვენთან, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ბავშვების დაცვას. ეს იქნება ძალადობა, ზეწოლა თუ ა.შ. რაც შეეხება მინდობით აღზრდის პროცესს, ეს უფლება ისევ სოციალური მომსახურების სააგენტოს დარჩა”, – აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.