„ლელომ“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდელებს წარუდგინა

260

შემდეგი სტატია

ზუგდიდში “ლელომ” ოფიციალურად წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი. დადიანების სასახლის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში გარდამტეხი მომენტია – საქართველო დგას გზაჯვარედინზე და მნიშვნელოვანია ეს კურსი იყოს ევროპული.

ან წინ ვივლით გამარჯვებისკენ, ან ვიქნებით იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მე დღეს ადამიანები ვნახე – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. მისივე სიტყვებით, ეს მწარე რეალობა მას “სადღაც გამორჩა”, იმ პირობებში კი, რა პირობებშიც მოქალაქეებს უწევთ ცხოვრება, არავინ იმსახურებს და ასე ვეღარ გაგრძელდება.

“მე ჩემი სახელით მათ ბოდიში მოვუხადე”, – განმარტა “ლელოს” ლიდერმა.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პარტიის მიერ შემუშავებული პროგრამით, 4 წელიწადში ექნებათ სხვა საქართველო და არა ის, რომელიც დღეს ნახა. მას ქვეყნის და სამეგრელოს რეგიონის განვითარების აუცილებელ პირობად ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობა ესახება, რაც მოსახლეობას ეკონომიკურად გააძლიერებს.

თავის მხრივ, მხარდამჭერებს მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა. მისი თქმით, გარდამტეხი ცვლილებებისთვის საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალა, იმედი, ახალგაზრდობა.

“მინდა უფრო ბედნიერებს გხედავდეთ. შავი ფერი, ყველაფერი დამთრგუნველი ისტორიას ჩავაბაროთ და მზისფერი, ყვითელი ფერი გახდეს იმედის, სიცოცხლის, განათლების, ძლიერი საქართველოს და ძლიერი სამეგრელოს ფერი”, – აღნიშნა ალექსანდრე ახვლედიანმა.

მანვე შეკრებილებს უთხრა – აქ დგომით დანარჩენებს აძლევენ მაგალითს, რომ მათი შეშინება შეუძლებელია. დეპუტატობის კანდიდატისვე თქმით, ის თანაპარტიელებთან ერთად იბრძოლებს შექმნილი ვითარების შესაცვლელად, შემდეგ კი დანარჩენებს შერცხვებათ, რომ დღეს “ლელოს” სულისკვეთებას არ იზიარებენ.

ალექსანდრე ახვლედიანის მოწინააღმდეგე “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ჩიქოვანი იქნება, “ევროპული საქართველოდან” გიგი უგულავა. “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის” კანდიდატი კი ჯამბულ ნაჭყებიაა.

პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.