თბილისის მერია: ვაკის პარკში დაავადებული და ზეხმელი ხეების სანიტარიული ჭრა იწყება

513

ვაკის პარკის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, რეაბილიტაციის ფარგლებში, შემოიღობა პარკის ჩრდილო-დასავლეთი ზონა, სადაც ხვალიდან დაავადებული და ზეხმელი ხეების სანიტარიული ჭრა დაიწყება.

„სანიტარიული ჭრის ფარგლებში, 200-მდე ზეხმელი ფიჭვის სახეობის ხე მოიჭრება. ამავდროულად, იმ არეალებში, სადაც სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, ჯანსაღი მწვანე ნარგავების გარეგანი დაცვის მიზნით, ხის მერქანი შეიფუთა.

სანიტარიული ჭრა დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე განხორციელდება, რომლის მიხედვითაც, პარკის ტერიტორიაზე არსებული 80%-ზე მეტად ხმობაში შესული მწვანე ნარგავები მოიჭრება.

დაავადებული და ხმობადი ხეების სანაცვლოდ, ახალი ნერგების დარგვა მომავალ წელს, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის იგეგმება.

ვაკის პარკში სანიტარიული ჭრა კვლავ გაგრძელდება, რის შესახებაც ინფორმაცია მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდება“,-აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.