სოფელ დიღომში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

698

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სოფელ დიღომში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან პროექტი საკმაოდ მასშტაბურია.

კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფელ დიღმის მოსახლეობას ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემა აქვს.

„ჩვენ სოფელ დიღომში 2 წლის წინ დავიწყეთ საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. სოფელ დიღომში საკანალიზაციო ქსელი საერთოდ არ არსებობდა და ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი და გარკვეული დრო დასჭირდება სოფელ დიღმის მთლიან დაქსელვას. ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მისამართზე უკვე განხორციელდა სამუშაოები და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს წყალარინების ქსელი სოფელ დიღომში, ვაჟა ფშაველას მე-4 შესახვევში და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მოეწყო. გარდა ამისა გასულ წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები სოფელ დიღმის სხვადასხვა მისამართზეც ჩატარდა. მათ შორის, ადნდრონიკაშვილის ქუჩის ნაწილში, როსტევანის ქუჩასა და კვირაცხოველის ქუჩაზე. ამ დროისათვის საკანალიზაციო ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები ბელიაშვილის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის გავლით, გიორგი ბრწყინვალის ქუჩამდე ხორციელდება. ბელიაშვილის ქუჩის მონაკვეთზე სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით კვლავ გაგრძელდება. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა კალაძემ.