ხვალიდან, 10 სექტემბრიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება, თუმცა, ეს არ შეეხება საარჩევნო აგიტაციას. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხდა.
“რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ეს ეხება ღია სივრცეს, ვინაიდან დახურულ სივრცეში აქამდეც არსებობდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება არ ეხება საარჩევნო აგიტაციას. მეზვრიშვილმა არჩევნებში მონაწილე პარტიებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„ვაცნობიერებთ იმას, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და რა თქმა უნდა, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ჩამოვთვალე. ვგულისხმობ შეზღუდვებს, რომელიც ეხება კულუტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელზეც დავაწესეთ 200-კაციანი შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. უბრალოდ, გვსურს საარჩევნო სუბიექტებს მოვუწოდოთ, რომ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს, როგორც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვას, ასევე ყველა იმ ადგილას, სადაც პირბადეების ტარება სავალდებულოა და მთავრობის დადგენილებით დაწესებული არის შესაბამისი მოთხოვნა, ეს წესები მაქსიმალურად დაიცვან.
როგორც მოგეხსენებათ, ასევე მოქმედებს რეგულაციები ამჟამინდელი მდგომარეობით პირბადეების ტარების თვალსაზრისით, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილებისას, მათ შორის დახურულ სივრცეებში, მათ შორის საერთო სარგებლობის ლიფტებში და ასევე, მაგალითად, დახურულ ღონისძიებებზე. აქაც მაქსიმალურად მოხდება აღსრულების კონტროლი და მიდგომა მაქსიმალურად მკაცრი იქნება. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ წესები მაქსიმალურად დაიცვან“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.