გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე ოთხი კანდიდატია დარეგისტრირებული. ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გორი-კასპის ოლქის დეპუტატობისთვის იბრძოლებენ. კანდიდატებს შორის ერთი ქალია. ნანა აღორძინება ,,თავისუფალი საქართველოს” წევრებმა 7 სექტემბერს წარადგინეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ყველაზე პირველი, ვინც გორის ოლქის დეპუტატობისთვის პრეტენზია გამოთქვა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბადრი ბასიშვილია.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, ლევან ისაკაძის თქმით, საინიციატივო ჯგუფიდან ლევან ჩხიკვაძის კანდიდატურაცაა წარდგენილი, თუმცა მისგან 1353 ხელმოწერას ელოდებიან. ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების შემდეგ, ლევან ჩხიკვაძეც კანდიდატად დარეგისტრირდება.
წარდგენილი კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ასეთია:
ნანა აღორძიება – საზოგადოებრივი კოლეჯი “ლიდერის” დამფუძნებელია. ასევე დააფუძნა სამედიცინო ცენტრი “ლიდერი”, დირექტორად მუშაობდა სასწავლო ცენტრ “ინტელექტში”
პაპუნა კობერიძე – 2012 წლის არჩევნებზე კოალიცია ,,ქართული ოცნების” შემადგენლობაში იყო “ეროვნული ფორუმიდან”; კოალიციის დაშლის შემდეგ, 2016 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე “შენების მოძრაობაში” გაწევრიანდა და საკრებულოს წევრიც გახდა.
ბადრი ბასიშვილი – 2003 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია. ის დიდი ლიახვის ხეობაში ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელი იყო. 2006 წელს, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილება გაჩნდა და ყოფილი შს მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი გუნდს გამოეთიშა, ბადრი ბასიშვილი ოქრუაშვილს გუნდს დაუპირისპირდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში.
გიორგი ხოჯევანიშვილი – პოლიტიკურ არენაზე 2018 წლიდან გამოჩნდა, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლამდე ის გარკვეულ თანამდებობას იკავებდა პენიტენციურ სისტემაში, თუმცა სოზარ სუბარის გამინისტრების შემდეგ, თანამდებობა დატოვა და სხვადასხვა ბიზნესს ჩაუდგა სათავეში.