პარტიამ „გამარჯვებული საქართველო“ ისნის საარჩევნო ოლქში, შესაძლოა, მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინოს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
„ჩვენ გვექნება მომდევნო კვირაში მაჟორიტარების წარდგენა ქართლის ორივე რეგიონში, გურიაში, აჭარაში და არ გამოვრიცხავ, რომ თბილისში, ისნის რაიონში. მე ვთვლი, რომ ისანში გიორგი ვაშაძის მხრიდან ჩემთან მიმართებაში დაირღვა შეთანხმება და მე სრული თავისუფლება მაქვს მიღებული მოლაპარაკების მაგიდის სხვა მონაწილეებისგან, რომლებიც „ლეიბორისტების“ ოფისში ვიკრიბებოდით და შესაძლოა, ჩვენ წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატი ისნის საარჩევნო ოლქში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ისნის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატის შესაძლო წარდგენა პრაგმატული მიზნების გამო იქნება.
„ყველა ცდილობს მის ყულაბაში გაცილებით მეტი ხმა მოიზიდოს, რომ შემდეგ მისი როლი პარლამენტში გახდეს წონადი არამარტო პრიმიტიული მიდგომით, არამედ მთავარი რამით. თუ ჩვენ მიზნად ვისახავთ, პირადად მე მაგალითად, სამართალდამცავი სტრუქტურის რეფორმირებას, ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებას, ეკონომიკურ ამნისტიას, სასამართლო რეფორმას და თუნდაც საკადრო წმენდას პროკურატურაში და სასამართლოში, ამისთვის გვჭირდება სოლიდური წარმომადგენლობა პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულ ოლქში ხატია დეკანოიძის კანდიდატურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.