ცესკო: რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

341

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები მედიას ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.

მისი თქმით, რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ არის მითითებული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, უკვე შეუძლიათ გამოცხადდნენ იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, სადაც უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და ციფრულ ფორმატში გადაიღონ ფოტოსურათი“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცედურის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე.

„გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სააგენტოს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში, გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.