„ლელოს“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე თბილისის მერს მიმართავს და მოუწოდებს გლდანში ის პროექტები დაასრულოს, რომელიც ერთ წელზე მეტია დაიწყეს და გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე არ დასრულებულა.
მიქაუტაძის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ყულაბის შევსებას საღებავების ფულითაც აპირებს, რასაც მერიის გავლით გააკეთებენ, რადგან ისინი ტენდერის გარეშე აპირებენ საღებავების შეძენას ქუჩების დასახაზად“.
„ბატონო კალაძე, არ გირჩევთ გლდანელების მოთმინების გამოცდას. თბილისის მერია ტენდერის გარეშე აპირებს საღებავების შეძენას ქუჩების დასახაზად, მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობდა სწორი დაგეგმვის პირობებში. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ყულაბის შევსებას საღებავების ფულითაც აპირებს. წელიწადნახევარია, გლდანის რაიონის მცხოვრებლები ელოდებიან ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების რეაბილიტაციის დასრულებას. გარდა იმისა, რომ ხიზანიშვილის ქუჩა პირველივე წვიმის დროს დაზიანდა, კვლავ არ დაწყებულა ქუჩების დახაზვა და ისევ არ მუშაობს შუქნიშნები. ამის გამო ხშირია ავტოავარიები და მოსახლეობა საცობებში იტანჯება. კატეგორიულად მოვითხოვ თბილისის მერისგან, დროულად დაასრულოს გლდანის პროექტი და მისცეს ხალხს ნორმალურად გადაადგილების საშუალება. ბატონო კალაძე, არჩევნების წინ მაინც იმუშავეთ ნორმალურად და ნუ გამოცდით გლდანის რაიონის მოსახლეობის მოთმინებას“,- აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.