ღამის ეკონომიკის პროექტიდან წასვლის შემდეგ, სერგი გვარჯალაძე ტელეკომპანია იმედზე ახალ პროექტს უხელმძღვანელებს. გადაცემა “ნამდვილი რიცხვების” პრემიერა ხუთშაბათს, 10 სექტემბერსაა დაგეგმილი.
“მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ მოვლენაზე, ჩვენს ცხოვრებაზე უფრო დეტალურად მივიღებთ ინფორმაციას და ეს იქნება ნამდვილი რიცხვები, რომელზეც ძალიან კომპეტენტური ადამიანები ისაუბრებენ”, — აცხადებს გვარჯალაძე.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაცემის მიზანი იქნება, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები რიცხვების, სტატისტიკისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევების საფუძველზე შეაფასოს. გადაცემის წამყვანი სოციოლოგი, ვაკა გორგილაძე იქნება.
31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. იგი მისი ხელმძღვანელი 2018 წლის მარტიდან იყო, ხოლო მანამდე წლების განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.