რა დაჯდა თბილისის ღამის მერისა და მისი ერთადერთი მიღწევის – N222 ავტობუსის შენახვა?

502

31 აგვისტოს თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა, სერგი გვარჯალაძემ, თანამდებობა დატოვა. როგორც ცნობილია, გვარჯალაძის პოზიცია მერიაში საერთოდ გაუქმდება და მის ფუნქციებს კულტურის საქალაქო სამსახური შეითავსებს. ​ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერის მრჩეველი ღამის ეკონომიკის განვითარების კუთხით თბილისს აღარ ეყოლება. სერგი გვარჯალაძის საქმიანობას ტელეკომპანია მთავარი აჯამებს. 

გთავაზობთ სერგი გვარჯალაძის საქმიანობის შეჯამებას:

2018 წლის 7 მარტს მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მერმა, კახი კალაძემ ახალი პროექტი დააანონსა. ღამის ეკონომიკის განვითარება – სწორედ ასე ეწოდა სამსახურს, რომელსაც სათავეში ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და, კალაძის თქმით, გამოცდილი მენეჯერი – სერგი გვარჯალაძე ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი თბილისის გარეუბნების განვითარება უნდა ყოფილიყო.

მელევე, 2018 წლის 20 აპრილს მერიაში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მისი მიზანი ქალაქის გარეუბნების განვითარებაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა და მოიცავდა ტრანპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხმაურის რეგულირებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას შესაბამის საათებში (საღამოს 8 საათიდან დილის 8 საათამდე), კულტურულ აქტივობებსა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას.

პრეზენტაციიდან თითქმის 2 წლის გასვლის შემდეგ – 2020 წლის 25 თებერვალს გვარჯალაძემ მერიაში ღამის ეკონომიკის განვითარების ახალი კონცეფცია წარადგინა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. სამსახურის ერთადერთ თვალსაჩინო შედეგად მან ღამის ავტობუსი N222 დაასახელა, რომლის მარშრუტი პროექტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემუშავდა. საქმიანობის დანარჩენ კომპონენტებზე კი თქვა, რომ დისკუსიისა და ვორქშოფების რეჟიმში იყო.

რა დაუჯდა თბილისის მერიას სამსახური, რომლის ერთადერთი “მიღწევა” ავტობუსი N222 იყო?

2020 წლის 6 მარტს “ფლანგვის დეტექტორმა” ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ღამის მერიის სამსახურში დასაქმებულთა შრომის ასანაზღაურებლად თბილისის ბიუჯეტიდან 215 000 ლარი დაიხარჯა. ამ თანხის ნახევარზე მეტი სერგი გვარჯალაძეს ერგო, კერძოდ – 121 000 ლარი. მისმა ყოველთვიურმა ანაზღაურებამ კი 5200 ლარი შეადგინა.

კვლავ “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2018 წლის მარტიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით თბილისის ღამის მერიაში დასაქმებულ თანამშრომლებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურება, სერგი გვარჯალაძის ხელფასის გამოკლებით 94,000 ლარს შეადგენდა. ამ თანხას 2018 წელს 3 ადამიანი ინაწილებდა, 2019 წლიდან კი – 4 ადამიანი.

გარდა იმ მიღწევისა, რომელსაც N222 ავტობუსი ჰქვია, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში ჩატარებულია რამდენიმე ღონისძიება:

  • ქუჩის მუსიკის ფესტივალი
  • ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი
  • Newon ფესტივალი
  • Night Lab – ვორქშოფი “ხმაურის იზოლაცია” 07.2019
  • Night Lab – ტრენინგები ციფრულ მარკეტინგში 08.2019

აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ ამ ღონისძიებაზე ღამის ეკონომიკის სამსახურის საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა და ღონისძიებები პარტნიორებმა დააფინანსეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალში გვარჯალაძის მიერ ჩატარებული პრეზენატაციის გეგმა მომავალ 2 წელზე იყო გაწერილი. როგორც ჩანს, თბილისის მერიაში გადახედეს შესაბამისი სამსახურის შედეგებს და ის ბოლო გეგმის წარდგენიდან 6 თვეში გააუქმეს.