ხმაურის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. ახალი კანონპროექტი თბილისის მუნიციპალიტეტმა ღამის ეკონომიკის მენეჯმენტთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად შეიმუშავა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
როგორც თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ძალაშია, გარკვეული ხარვეზები და პრობლემები ისევ არსებობს. მაგალითად ისევ არის მოსახლეობა, რომელიც წუხს ხმაურზე და ამ პრობლემის წინაშე თავად ბიზნესის წარმომადგენლებიც (სასტუმროები) დგანან, რომლებიც იღებენ სტუმრებს და ხმაური გარკვეულ პრობლემებს უქმნით.
რა ცვლილებები შევა კანონში, სერგი გვარჯალაძე არ აკონკრეტებს. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სავარაუდოდ, ღამის ეკონომიკის კონცეფციის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, რომელიც უახლოეს 2 კვირაში უნდა გაიმართოს.
“შევეცადეთ მედიატორის როლი გვეკისრა ამ პროცესში. შევახვედრეთ ერთმანეთს როგორც დაზარალებული მხარე, ასევე ის მხარე, რომელიც ქმნის ამ ხმაურს, ჩავრთეთ პასუხისმგებელი ერთეული, რომელიც არის მუნიციპალური ინსპექცია ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა ახალი კანონპროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ინსტანცია აქვს გასავლელი.
ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რა მდგომარეობა გვაქვს ხმაურის ეპიცენტრებში”,- აცხადებს სერგი გვარჯალაძე.