ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პოლიციის დეცენტრალიზებისა და შერიფების არჩევითობის ინიციატივას განიხილავს

487

ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პოლიციის დეცენტრალიზებისა და შერიფების არჩევითობის ინიციატივას განიხილავს.

ოპოზიციის ინიციატივით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოხდება სამართალდამცავი სისტემის სრული დეცენტრალიზება და ხალხი საკუთარი რაიონის შერიფს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით აირჩევს.

ელენე ხოშტარიას თქმით, მსგავსი მასშტაბური რეფორმის განხორციელების პროცესში არასამთავრობო სექტორისა და სფეროს სპეციალისტების აზრი, ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„დღეს გვაქვს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიონალებთან კონკრეტულ პროგრამულ საკითხზე, რომელზეც ბევრი არის სამსჯელო. ეს არის სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზაცია და დეცენტრალიზაციის საკითხი. ფაქტია, რომ ჩვენ სახელმწიფოში პრაქტიკულად ყველა ხელისუფლების პირობებში, პოლიციის პოლიტიზაცია არის დიდი პრობლემა. დაწყებული იმით, რომ პოლიციელებს ავალებენ, სდიონ აქტივისტებს, გაგრძელებული იმით, რომ სერიოზულ სისხლის სამართლის საქმეებზე ვერ ვადგენთ სიმართლეს, ხან აფარებენ ხელს და ხან საერთოდ არ იძიებენ და ვერ იძიებენ საქმეებს.

პოლიტიკურ დაკვეთას სამწუხაროდ ასრულებენ პოლიციელები. ამიტომ, ჩვენთვის საკმარისი არ არის ვთქვათ, რომ უბრალოდ ჩვენ კარგები ვართ,  ხელისუფლებაში მოვალთ და ეს ასე არ მოხდება. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ინსტიტუციური გარანტიები ამ დეპოლიტიზაციაზე. ამის რამდენიმე გზა არსებობს – ეს არის შსს-ს ფუნქციური დაყოფა სხვადასხვა ერთეულად, რაც ამ მონსტრს დაშლის. მეორე არის დეცენტრალიზაცია და არჩევითობის ელემენტების შემოტანა. ეს არის ჩვენი მიდგომა და მე ძალიან მინდა, რომ სპეციალისტების აზრი მოვისმინო, რეალურად ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ ამ მიდგომაზე, რადგანარ არსებობს 100-პროცენტიანი რეცეპტები, არის სხვადასხვა შესაძლო მიდგომა და მინდა, რომ გავიზიარო და მოვისმინო სპეციალისტების აზრი“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.