კომუნიკაციების კომისიამ „მედიაკავშირი ობიექტივი” და „გირჩი ტვ” ეთერში პოლიტიკური რეკლამების არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს არაწინასაარჩევნო პერიოდში. ტელევიზიებს საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კერძოდ, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყონ ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება.
“საქმე ეხება პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებს, რომლებიც ტელეკომპანიებმა ეთერში, კანონდარღვევით, აგვისტოში განათავსეს. „ობიექტივზე” გასულ ვიდეორგოლში „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი – ირმა ინაშვილი, პარტიული სიმბოლიკის ფონზე, საუბრობს სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტზე და აკეთებს დაპირებას, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნულ პროექტებს განახორციელებს. „გირჩი ტვ”-ს შემთხვევაში კი ვიდეორგოლში, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის” სიმბოლიკა და ლიდერები ჩანან, საუბარია მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკური გაერთიანების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.
შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლები, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკური პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეწყობას”, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.