გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარ პროგრამას უახლოეს მომავალში წარუდგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ განუცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობას წარედგინება ეროვნული პროგრამა, რომელიც ბევრი მიმართულებით საინტერესო წინადადებებს მოიცავს.
„ჩვენ, გვაქვს მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩვენს ამომრჩეველს რეალური არჩევანი შევთავაზოთ. დღემდე, საქართველოში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია არის ერთი და იგივე იდეოლოგიით – ეს არის სხვადასხვა ლიბერალური პარტიები, რომლებიც ყველაფერ ეროვნულს წარმოაჩენენ, როგორც ჩამორჩენილს, ცდილობენ მის მარგინალიზაციას უკანასკნელი 2 ათეული წლის განმავლობაში. მთელი ჩვენი გუნდი შევეცდებით, საზოგადოებას შევთავაზოთ თანამედროვე, ახალი ტიპის, ეროვნული ძალა ეროვნული პროგრამით იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველს ჰქონდეს რეალური არჩევანი არა არალიბერალურსა და ლიბერალურს შორის, არამედ ლიბერალურ და ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის. ჩვენ უახლოეს დღეებში საზოგადოებას საინტერესო პროგრამას წარვუდგენთ’’, – განაცხადა კახა კუკავამ.
ამასთან, დედაქალაქის მერობის კანდიდატის განმარტებით, გაერთიანებულ ოპოზიციას ერთად ბრძოლის გამოცდილება 2011 წლის 26 მაისშიც აქვს, როდესაც მისივე თქმით, ოპოზიციამ ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა.
‘’2011 წლის 26 მაისს ერთად ვიდექით რუსთაველის გამზირზე და მაშინ ჩვენი ბრძოლა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფურცელი გამოდგა წინა ხელისუფლების დასრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ახლაც გადამწყვეტ წვლილს შევიტანთ დღევანდელი მახინჯი, კოჰაბიტაციური სისტემის დასრულებაში’’, – განაცხადა კახა კუკავამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი