,,ლელოს“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ამავე რაიონის ორგანიზაციის წევრზე, მანანა სულთანიშვილზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა. „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და მანანა სულთანიშვილმა მათი ვინაობა გაასაჯაროვეს, ვინც „ლელოს“ ჩუღურეთის ორგანიზაციის წევრზე ზეწოლა მოახდინა. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევა თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერაძის და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების – მაკა სამნიაშვილის და ქეთი ღვინიაშვილის მხრიდან განხორციელდა.
„მე მინდა მივმართო ყველას, თუ ვინმეს მიმართ განხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, „ლელო“ იქნება მათი უსაფრთხოების ქოლგა და არავის არ მივცემთ ამ ადამიანების დაშინების უფლებას. ის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვითომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებასა და გამკაცრებას ითხოვენ კანონის სახით, არის ტყუილი. არცერთი ამომრჩევლის დაშინება არ გაუვათ, ბოლომდე მივყვებით თითოეული დაშინებული მოქალაქის საქმეს,“- განაცხადა ლევან სამუშიამ.
„ლელოს” წევრისა და მხარდამჭერის, მანანა სულთანიშვილის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა მისგან მოითხოვეს, შეწყვიტოს „ლელოს“ მხარდაჭერა და იმუშაოს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუწყდება სოციალური დახმარება და შეუჩერდება უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება.
პარტია “ლელო საქართველოსთვის” და მისი ლიდერი მოითხოვენ, დაუყონებლივ მოხდეს სამართლებრივი რეაგირება კონკრეტულ შემთხვევაზე.