პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიასა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ალტერნატიული წინადადებები ჩავარდა.
ოპოზიციური ფრაქციის მიერ მომზადებული წინადადება გულისხმობდა საარჩევნო უბნებთან აგიტაციის აკრძალვას 50–მეტრიან რადიუსში, ასევე არჩევნების ფარულობის განსაზღვრასა და დარღვევებზე სანქციების დაწესებას.
რაც შეეხება დეპუტატ ეკა ბესელიას ალტერნატიულ პროექტს, ის საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევებს შემთხვევაში, ბიულეტენების ხელახლა დათვლის პროცედურის განსაზღვრას ისახავდა მიზნად.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეტალურად გაიწეროს და დაკონკრეტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა: არჩევნების ფარულობის დარღვევა და შესაბამისი სანქცია.
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეტალურად გაიწეროს და დაკონკრეტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა: არჩევნების ფარულობის დარღვევა და შესაბამისი სანქცია. კანონპროექტის თანახმად, კანონში გაჩნდება იმპერატიული ჩანაწერი, რომ „აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის ნებისმიერი ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება), ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“.
რაც შეეხება ეკა ბესელიას ალტერნატიულ კანონპროექტს, ცვლილებები ითვალისწინებს ძირითადად შემდეგი საკითხების დაზუსტებას: ზუსტდება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხი, ზუსტდება პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნის წესიც.
“კერძოდ, კოდექსის მე-13 მუხლში ხორციელდება რამდენიმე რედაქციული ჩასწორება და, ამასთანავე, მიეთითება, რომ: თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად ცესკოს წევრთა რაოდენობა ვერ შეივსო 6-მდე, ცესკოს წევრის დანიშვნის უფლებას მის წევრთა რაოდენობის 6-მდე შესავსებად საუკეთესო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით მოიპოვებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ის პარტიები, რომელთაც ვერ დანიშნეს ცესკოს წევრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; პარტიას არა აქვს უფლება დანიშნოს ცესკოს სამ წევრზე მეტი. ამავდროულად, კოდექსის 196-ე მუხლის მე-19 პუნქტის გარდამავალ ნორმაში ზუსტდება და მიეთითება, რომ ცესკოს წევრების დანიშვნის უფლება აქვთ, მათ შორის, საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს.” ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ნარკოლოგიური შემოწმებისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების წარდგენა მოეთხოვება არა მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს, არამედ ზოგადად პარლამენტის წევრობის კანდიდატს. დოკუმენტის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული პარლამენტის არჩევნებისა და მერის არჩევნების მეორე ტურის გამართვის ვადა „პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა“ იცვლება „არჩევნებიდან მესამე შაბათით“. ამავე პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების პირობები და წესები აისახება კოდექსის 189-ე მუხლის გარდამავალ დებულებებშიც (საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების დროებითი წესი).