სენაკის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის და სენაკის საპატიო მოქალაქის დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა.
როგორც აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, შენობაში განთავსდა დიმიტრი ჯაიანის მემორიალური დაფა, რომელიც ხელოვანის ვაჟმა და შვილიშვილმა – ჯაბა და გიორგი ჯაიანებმა გახსნეს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
„საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიმიტრი ჯაიანის ოჯახის წევრები, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.