“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ჭიათურის მერიამ 50 000 ლარზე მეტი დახარჯა თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის აღდგენისა და მოხატვისთვის, კედელი კი კვლავ დაზიანებულია.
“ჭიათურის მერიამ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი 45 ათას ლარად “აღადგინა” და უვარგისი სამუშაოების დასაფარად მოხატვისთვის დამატებითი ხარჯი – 5.4 ათასი ლარი გაიღო. პარალელურად, ჭიათურის მერიამ იაშვილის ქუჩის სკვერის კედელიც მოხატა და ამ შემთხვევაში სამუშაოები სრულიად უსასყიდლოდ შეასრულებინა ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგებს”, – აღნიშნულია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.
ორგანიზაცია საკითხზე ჭიათურის მერიის საპასუხო წერილსაც აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ “ამ ეტაპზე შეინიშნება ხარვეზები და შემსრულებელი ობიექტზე უახლოეს პერიოდში მოახდენს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას”.
https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2744747142467385
“ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის ქუჩის საყრდენი კედლის რეაბილიტაციაში 45,045 ლარი დაიხარჯა. ტენდერი მოიგო ინდ. მეწარმე სულხან მიქაცაძემ. Მან გამარჯვება იმ კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოახერხა, რომელსაც მასზე ნაკლები თანხა ჰქონდა წარდგენილი.
რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ სულხან მიქაცაძეს, მას სულ 25 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 16 გამარჯვებით დასრულდა. 9 ტენდერი მან უკონკურენტოდ მოიგო, ხოლო ორი – კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
ინდ. მეწარმე სულხან მიქაცაძე მოვალეთა რეესტრში ფიქსირდება (A18000275). მის ქონებას შპს „ნიკუშა-1974“ უფიქსირდება ყადაღა (#102017073066) და ასევე მის სრულ ქონებას აქვს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (#102016418913).
ტენდერი (SPA150022840 ) რომელიც ეხებოდა ჭავჭავაძის ქუჩის საყრდენი კედლის გამაგრებით სამუშაოებს, არ იყო სათანადოდ შესრულებული და სწორედ ამიტომ რამდენიმე ხანში ფილებმა ცვენა დაიწყო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიუხედავად არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოებისა, მაინც გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი. 2019 წელს კი გადაწყვიტა, რომ კედელი დაეფარათ გრაფიტით და ამისათვის თბილისიდან ჩამოიყვანეს სამხატვრო აკადემიის სამი სტუდენტი. კედლის მოხატვა საერთო ჯამში 5,451.60 ლარი დაჯდა.
ჯერ გადამაგრებული და შემდეგ მოხატული საყრდენი კედელი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. ჭათურის მერიის საპასუხო წერილში ვკითხულობთ, რომ „ამ ეტაპზე შეინიშნება ხარვეზები და შემსრულებელი ობიექტზე უახლოეს პერიოდში მოახდენს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას“.
საყრდენი კედელი, რომლის გამაგრებასა და მოხატვაში 50,000 ლარზე მეტია გადახდილი, ისევ დაზიანებულია. ამის პარალელურად, მერიამ იაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის კედელიც მოხატა. ამ შემთხვევაში, ჭიათურის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგებმა უსასყიდლოდ შეასრულეს,”- წერს ფლაგვის დეტექტორი.