“ავტოსადგომის ტერიტორიაზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია”- გორის მერი “ნაცმოძრაობას” პასუხობს

478

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტატნინე თავზარაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მუნიციპალური ავტობუსების სადგომი არ აშენებულა, ცრუ ინფორმაციას უწოდებს. თავზარაშვილის თქმით, ავტოსადგომის ტერიტორიაზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

რადიო “მოზაიკა” გორის მერის განცხადებას უცვლელად ავრცელებს:

“გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება ცრუ ინფრმაციას, რომელიც ენმ-ს გორის ოფისმა და მთავარმა არხმა გორში ავტოსადგომის მშენებლობის შესახებ გაავრცელა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში და ნუ მიაწოდებენ საზოგადოებას ცრუ ინფრომაციას.

ავტოსადგომის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია როგორც ძირითადი და დამხმარე შენობების სამშენებლო სამუშაოები, ასევე შიდა და გარე მოსახვითი სამუშაოების 80 %. დარჩენილია მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობისა და შიდა მოსახვითი სამუშაოების მცირე ნაწილი. სამუშაოებს აწარმოებს შპს „თელა“. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 951 000 ლარი იხარჯება. თანხის 50 % უკვე გადარიცხულია სამშენებლო კომპანიის ბალანსზე.

გეგმის მიხედვით სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. პროექტის შესრულების ვადის გახანგრძლივება არ უკავშირდება რაიმე კანონდარღვევას. პროექტის შესრულების ვადებზე პანდემიის დროს განხორციელებულმა შეზღუდვებმა იქონია გავლენა.

ნოემბერში, როდესაც გორის მუნიციპალიტეტს ავტოსატრანსპორტო საშუალებები საკუთრებაში გადაეცემა, ავტოსადგომის მშენებლობა დასრულებული იქნება.

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ენმ-ს გორის ოფისს, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ან შესაბამის სამსახურს და მოსახლეობას მიაწოდოს ზუსტი ინფრომაცია და არა იმპროვიზებული სიცრუე”, – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

ცნობისთვის, 30 აგვისტოს “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა წევრებმა გორში, მუნიციპალური ტრანსპორტის სადგომის ტერიტორიაზე აქცია გამართეს და დაუსრულებელი სამუშაოები გააპროტესტეს.

“ახალგაზრდები მართავენ აქციას მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოსადგომის ტერიტორიაზე.აღნიშნული სადგომის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა.სამუშაოები 19 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო,თუმცა ტერიტორიაზე ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა”, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

ინფორმაციისთვის, გორში ავტოსადგომი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გადმოცემული ავტობუსებისთვის უნდა აშენდეს. პანდემიის გამო შეჩერებული სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში განახლდა.