“ევროპული საქართველო”: მოვუწოდებთ შსს-ს, დაინტერესდეს გორში ჩვენი პლაკატების ჩამოხევით

321

“ევროპული საქართველოს” გორის ორგანიზაცია პლაკატების ჩამოხევის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს და შსს ს რეაგირებისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ მასალებში ჩანს რომ ევროპული საქართველოს სააგიტაციო მასალა გორში სხვადასხვა ადგილასაა ჩამოხეული. ფოტოები ღამითაა გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

პარტიაში ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედებებით კონკრეტული ჯგუფები, საარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ.

“მოვუწოდებთ შსს-ს, რომ დაინტერესდეს ამ ფაქტით, რადგან თუ ამ ფაქტს უმნიშვნელოდ ჩავთვლით და ყურადღებას არ მივაქცევთ, ამით ხელი შეეწყობა საარჩევნო სიტუაციის დაძაბვას რაც უფრო ახლოს ვიქნებით არჩევნებთან და მაშინ უკვე შსს-ს მოუწევს თითოეულ სამწუხარო მოვლენაზე პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, სწორედ ასეთი “უმნიშვნელო ფაქტების” უყურადღებოდ დატოვების გამო! მე კი, როგორც ევროპული საქართველოს გორის ორგანიზაციის თავჯდომარე, აუცილებლად დავაკვირდები მოვლენების განვითარებას და ვნახოთ ვინ გაბედავს ასე თავხედურად გამოთავისუფლებულ ადგილას პლაკატების გაკვრას და ვინ შემოგვთავაზებს ღიად ბინძურ ომს!”, – აცხადებენ “ევროპული საქართველოს” გორის ორგანიზაციაში.

“ვიღაც იტყვის, რომ ეს უბრალოდ ტიპიური საარჩევნო პერიოდია და მერე რა, თუ კონკურენტმა რაღაც ქაღალდები ჩამოხიაო, მაგრამ ეს ასე არაა! ეს ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია და დაბალი ზნეობის მანიშნებელი, სხვისი შრომის დაუფასებლობა და გაუფრთხილებლობაა. დარწმუნებული ვარ მხოლოდ ამ პლაკატების ჩამოხევით არ შემოიფარგლება “ფარული კონკურენტი”, ამიტომაც არ ვაპირებთ არცერთი ასეთი ვანდალური და ხულიგნური აქტის გატარებას!”, – განაცხადეს პარტიაში.