„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სესხებზე უსამართლოდ მაღალ პროცენტებს ასახელებს.
ვაშაძის განცხადებით, საბანკო მონოპოლიებმა ფაქტობრივად, ხალხის ძარცვის ხარჯზე დაიწყეს ასტრონომიული ციფრებით მოგების ჩვენება.
„ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ხელთ მაქვს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულება, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ. 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 220 მილიონი ლარის ქონება გადავიდა ბანკების საკუთრებაში, ანუ 220 მილიონი ლარის ქონების მესაკუთრე, ბიზნეს სუბიექტი, კერძო პირი გაკოტრდა ქვეყანაში და ეს ქონება გადაეცათ ბანკებს. 50 მილიონით მეტია ეს ქონება ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში, მხოლოდ 4 ბანკთან მიმართებაში, და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსის დროს, როდესაც გამოვიდა ბატონი გახარია და გვითხრა, რომ სესხებზე პროცენტი სამი თვით გადავადდებოდა, თითქოს უნდა გაჩერებულიყო საბანკო ოპერაციები, ბანკებმა 220 მილიონი ლარის ქონება ამოიღეს საქართველოს ეკონომიკიდან და გადაიფორმეს. ეს ნათლად ჩანს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ანგარიშში. ეს ნიშნავს, რომ ის 5 მილიარდი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სესხად აიღო, სად დაიხარჯა არ ვიცით. სახელმწიფო საით მიემართება არავინ უწყისს, ფაქტია არცერთი ლარი არ მიდის ტურიზმის სექტორის, მანქანების რეექსპორტის სექტორის და სხვა მცირე თუ საშუალო ბიზნესის გადასარჩენად, ის უბრალოდ ხმარდება კერძო პირების ქონების დაცვას ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ მას პრეტენზია ბანკებთან არ გააჩნია და ვერც ექნება, რადგან ბიზნესსუბიექტები არიან და მათ საქმიანობაში ასე ღიად ვერ ჩაერევა.
„გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ 45 მლნ ლარი გადაურიცხეს თავის კომპანიებს კორონავირუსის დროს, კაპიკები ხალხს. 45 მლნ მოიპარეს პირდაპირ ბიუჯეტიდან ამ მძიმე ვითარებაში. უფრო მეტიც, არცერთი კაპიკი არ მიდის რეალურად ხალხის დასახმარებლად და ამის ნათელი მაგალითები ბევრია: ბიზნესი კოტრდება, ქონების ჩამორთმევის სერია მთელ საქართველოში გრძელდება. 220 მლნ ლარის ქონება გადაიფორმეს ბანკებმა. ხალხი ქუჩაში რჩება სახლების, ბიზნესისა და სასტუმროების გარეშე, რაშიც ჩადეს მთელი ენერგია. აბსოლუტურად ყველაფერი გაკოტრებულია და შიმშილისთვის არიან განწირულები. ეს უსამართლობა როდემდე უნდა გაგრძელდეს? “, -აცხადებს ვაშაძე და ამომრჩეველს ჰპირდება, რომ „31 ოქტომბერს, დამსხვრეული ოცნებების მატყუარა რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება“.