ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ „სოციალური სამართლიანობისთვის” ერთ-ერთი მიმართულების – „ნეოსაქართველოს“ პროგრამის პრეზენტაცია გამართა

857

ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ „სოციალური სამართლიანობისთვის”, სასტუმრო „რედისონში“, პარტიისა და მათი ერთ-ერთი მიმართულების „ნეოსაქართველოს“ პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

როგორც პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, „სოციალური სამართლიანობის“ მთავარი დევიზი სოლიდარობა და სამართლიანობა იქნება.

მისივე თქმით, რესურსები, რომლებიც ადამიანებს და ქვეყანას გააჩნია, სწორად უნდა იყოს გადანაწილებული.

„დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც დღეიდან აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის, „ნეოსაქართველოს“ მიზანია საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიები და ძველი ქართული ღირებულებები შევაჯეროთ ერთმანეთს და შესაბამისად, მივიღოთ ისეთი ადამიანები ქვეყანაში, რომლებიც იქნებიან ბედნიერები და ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, თავად იყვნენ ჩართული ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩვენი პარტიის ლიდერები ვფიქრობთ, რომ სოციალური სამართლიანობა იმიტომ არის ღირებული, რომ რესურსები, რომლებიც ყველა ადამიანს და სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს, იყოს სწორად და საჭიროებისამებრ გადანაწილებული. ჩვენი დევიზია სოლიდარობა და თანასწორობა და ბუნებრივია, „ნეოსაქართველო“ ყველა გამოწვევას უპასუხებს ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

თავის მხრივ, პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა ლევან ბოძაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი მისია, როგორც ეროვნული, ასევე ინდუსტრიული და ციფრული სუვერენიტეტის გზით, ტექნოლოგიური და მმართველობითი რევოლუციური ტრანსფორმირება იქნება.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი დიდი საარჩევნო რევოლუციური პროგრამის ნაწილი, რაც ტექნოლოგიას ეხება. დაგეგმილი გვაქვს არაერთი პრეზენტაციის ჩატარება, რომელიც შეეხება არა ტექნოლოგიებს, არამედ სახელმწიფოს მოწყობას, მმართველობას, სასამართლო ხელისუფლფების გაჯანსაღების მექანიზმებს და უამრავ სხვა საკითხს, რომელიც აწუხებს საზოგადოებას.

დღეს გვქონდა ტექნოლიოგურ გადაწყვეტებზე საუბარი, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის 6-14 თვის განმავლობაში მნიშვნელოვან ფინანსურ შედეგს მოიტანს ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების, ამავე დროს დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით.

დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად შეუმცირდება დამოკიდებულება ფინანსურ ინსტიტუტებზე, ბანკებზე, იმ ერთგვარ კარტელურ შეთანხმებაზე, რომელიც არსებობს სახელმწიფოს და ბანკებს შორის, საჯარო ხელისფულებას და ბანკებს შორის, რის შედეგადაც, ბუნებრივია, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ზარალდება ყოველთვიურად, ისინი არიან დამოკიდებულები ბანკებზე. ბუნებრივია, ისინი ვერ ახდენენ თავისი მცირე ფინანსური შემოსავლების გამოყენებას.

ამიტომ ამ ნაწილში ტექნოლგიები ჩვენ გვაძლევს საშუალებას ეს შიდა ფაქტორები, რომლებიც ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ არ არის მიმართული, შევცვალოთ ძალიან სწრაფი ზომების მიღებით. ამის საშუალებას ჩვენ ტექნოლოგიები გვაძლევს. ეს არის ჩვენი დღევანდელი პროგრამის დედა არსი, რომ მოსახლეობას მოვუტანოთ სწრაფი შვება იმ დამოკიდებულებებისგან, რომელიც მათ გააჩნიათ საბანკო სექტორზე, ასეთი არის მოსახლეობის 80%.

დღევანდელი პროგრამა შეეხება სოციალური სამართლიანობის პრინციპის განხორციელებას ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც მნიშველოვანი ელემენტია. ბუნებრივია, ეს ეხება 99%-ით ეკონომიკას, მთლიანად მოსახლოებისთვის ეკონომიკური პრობლემების შემცირებას, რომელიც მას აქვთ. მთელი ქვეყანა ასეთ დუხჭირ სიტუაციაშია“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ახალი პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.