ქობულეთში, მერიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ერთმა პირმა თავის დაწვა სცადა

449

ქობულეთში, მერიის შენობასთან, სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებულები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, შენობას მალე დაატოვებინებენ, რადგან აღნიშნული ფართი აქციონის წესით გაიყიდა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, აღნიშნული ფართი ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ შეიძინა. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ აღნიშნული შენობა დაუკანონდეთ ან ალტერნატიული ფართი გადაეცეთ.

პროტესტის ნიშნად აქციის ერთმა მონაწილემ საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩაც გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე შეხვდა და განუცხადა, რომ მათ პრობლემას ინდივიდუალურად შეისწავლის.