ბოკერია: ფოთში შექმნილი დოვლათიდან თვითმმართველობას ავტომატურად უნდა რჩებოდეს მნიშვნელოვანი შემოსავალი და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ქონების გადასახადი

492

ფოთში შექმნილი დოვლათიდან თვითმმართველობას ავტომატურად უნდა რჩებოდეს მნიშვნელოვანი შემოსავალი და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ქონების გადასახადი, – ნათქვამია გიგა ბოკერიას ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“კიდევ ერთ სამართლიან კრიტიკას მინდა გამოვეხმაურო. ბევრი ადამიანი, მათ შორის კრიტიკულები და კეთილგანწყობილები, მეკითხებიან თუ “რატომ არ გაკეთდა არაფერი ამ მხარეში არცერთი ხელისუფლების დროს”.

მიუხედავად იმისა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ ხარისხობრივად უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ, ბევრი უმძიმესი პრობლემა გადაიჭრა და ეს წინსვლა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხო, სამართლიანია კრიტიკა, რომ ამ კუთხეში და განსაკუთრებით ფოთში, არ შედგა იმასთან მიახლოებული ძვრაც კი რაც მაგ.: ბათუმში მოხდა.

ისეთი ელემენტარული ამბავიც კი, როგორიც გზები, წყალი და კანალიზაციაა, დღემდე ვერ გადაწყდა. საერთო ჯამში დარჩა განცდა მიტოვებისა და უყურადღებობის. არ მომხდარა ფოთში და ამ მხარეში სიცოცხლის დაბრუნება. ვერ შეიქმნა ვერც ვითარება და ვერც განცდა, რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც მომავალი აქვს.

არადა ფოთი იმის სიმბოლოა, თუ როგორ აშენებდა ნიკო ნიკოლაძე და მაშინდელი ქართული საზოგადოება თავისუფალ და ევროპულ მომავალს. ის, თუ როგორ დაიგეგმა და როგორ შენდებოდა ეს ქალაქი, არის ის, რამაც იქამდე არნახული კეთილდღეობა მოუტანა თავისუფალ სამყაროს. ეს ყველაფერი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ ჩაახშო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აქ არსებითი წინსლვა ვერ მოხდა, ეს კი მთელი პოლიტიკური კლასის მძიმე ჩავარდნაა, მაგრამ როგორც ერთმა კეთილისმსურველმა კომენტარად დამიწერა, სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.

ახლა მხოლოდ ორ რამეს გამოვყოფ, რისი გაკეთებაც როგორც აუცილებელია, ისე შესაძლებელიცაა ვითარების დრამატულად შესაცვლელად.

სამაგალითოდ ხარისხიანად და მასშტაბურად უნდა გაკეთდეს ფოთის როგორც სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, მოწესრიგდეს სასმელი წყლისა და გზების საკითხი. ეს ძვირი პროექტია, მათ შორის ბუნებრივი გარემოების გამო, ქალაქი წყალზე დგას, მაგრამ ბევრჯერ იაფად გაკეთებას, შემდეგ გაფუჭებას, ანუ ფულის ფლანგვას ან მოპარვას, აშკარად სჯობს.

რაც მთავარია, ეს იმ ხარისხის საკითხია, რომელიც მხოლოდ ფოთის კი არა, მთელი საქართველოს ინტერესშია. ამ საკითხის გადაჭრამდე, შეუძლებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ქალაქის გაცოცხლებაზე საუბარი. ამ პროექტისთვის, ბათუმის მსგავსად, სერიოზული სახსრების მოძიება შესაძლებელია და აუცილებელი.

მეორე კიდევ უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი საკითხია. ნიკო ნიკოლაძის იდეა თავისუფალი ქალაქის, პორტო ფრანკოს შექმნა იყო. მან რუსეთის იმპერიის პირობებში მოახერხა, რომ ფოთში ნავაჭრის პროცენტი – “ფუთის გადასახადი” – ადგილზე დარჩენილიყო.

მისი ამოცანა რეალურად თვითმმართველი, თავისუფალი ქალაქის შექმნა იყო. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ხშირად აკრიტიკებენ პორტის გამო. მე ახლაც ვთვლი რომ სერიოზული ინვესტორის შემოყვანა განვითარებისთვის ერთადერთი გზაა, მაგრამ ფოთში შექმნილი დოვლათიდან თვითმმართველობას ავტომატურად უნდა რჩებოდეს მნიშვნელოვანი შემოსავალი და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ქონების გადასახადი. ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზე ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული.

ამის გარეშე რეალური თვითმმართველობა არ იარსებებს. ეს დეცენტრალიზაცია მთელს საქართველოშია გასაკეთებელი, რათა გადასახადების საგრძნობი ნაწილი, რომელიც ადგილზე იქმნება, ადგილზევე რჩებოდეს და არ იფლანგებოდეს ცენტრში მისი წასვლით და იქიდან მისი ნაწილის დაბრუნებით.

მხოლოდ ასე ჩაეყრება საფუძველი რეალურ თვითმმართველობას, რომელიც ფოთელებზე იქნება დამოკიდებული და მათ მიმართ ანგარიშვალდებული”, – წერს გიგა ბოკერია.