„ლელო” „პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს

326

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” „პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს. პარტიის იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხელისუფლებას, პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ, გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. მათი თქმით, ამ მიმართვის უფლება „ლელოს” რომ ჰქონოდა, ამას უკვე გამოიყენებდნენ.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი” არის არაკონსტიტუციური ძალა და პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და აღვივებს შუღლს.

„მოვითხოვთ, რომ საჩქაროდ დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა და „პატრიოტთა ალიანსს” შეუწყდეს უფლება, მონაწილეობას იღებდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არჩევნებში. ეს არის არაკონსტიტუციური ძალა და კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს, რომ პოლიტიკურ ძალას, რომლის საქმიანობაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, აღვივებს შუღლს სხვადასხვა ჯგუფებს შორის და თიშავს საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთისაგან, ეს ძალა არის არაკონსტიტუციური”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.