ირაკლი ჩიქოვანი: ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დადიანების სასახლე იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გავხადო

493

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო. ახალგაზრდებთან საუბრისას, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დადიანების ეკატერინესეული სასახლე იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდეს.

“პანდემიამდე თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სეგმენტი მოდიოდა ტურისტულ სექტორზე, რომელსაც ჰქონდა უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები და ციფრები ვიზიტორების თვალსაზრისით.

თუმცა სამწუხაროდ, მე ვთვლი, რომ ზუგდიდს არ გააჩნდა საკმარისი წილი ამ ტურისტულ განვითარებაში, თან ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს დადიანების სასახლე და იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქალაქი შესაძლებელია გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი და კერა, როგორც ღვთისმშობლის კვართის ადგილი, ამიტომ ჩემი ამოცანა, ჩემი პასუხისმგებლობაა თქვენს წინაშე, მოვახდინო დადიანების სასახლეთა კომპლექსის სრული რეაბილიტაცია, ნიკოსეული სასახლე იცით, რომ აღდგენილია ფონდ ,,ქართუს” მიერ და ამისთვის დიდი მადლობა ფონდ ,,ქართუს” და ბიძინა ივანიშვილს. ასევე აღდგენილია ჩვენი ბოტანიკური ბაღი, რომელშიც უამრავი ხალხი ისვენებს და თითოეული თქვენგანი დარწმუნებული ვარ არის მოხიბლული, თუმცა ჩემი ვალდებულება ის იქნება, რომ რეაბილიტაცია ჩავუტაროთ ეკატერინესეულ სასახლეს და შევქმნათ მნიშვნელოვანი ტურისტული კერა და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გავხადო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი, ეს იქნება ერთ-ერთი ჩემი მთავარი ამოცანა, და გპირდებით, რომ ამას შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში გავაკეთებ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის გარკვეულ კვლევაზე, გარკვეულ ინფორმაციაზე და შესაბამისად სპეციალისტებთან გავლილ კონსულტაციებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება და ჩემი დანაპირები”, – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.