ქედაში დარიგებული 65 ტონა პროდუქტი და ჩოხატაურში 22 ოჯახისთვის დამუშავებული მიწა – სოლიდარობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითები მუნიციპალიტეტებში

1048
“გაქვს – გაიღე, არ გაქვს – წაიღე” – ამ სახელწოდებით აქცია ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა წამოიწყეს და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, კარანტინში მოქცეული არაერთი შეჭირვებული ოჯახის დახმარება შეძლეს. მუნიციპალიტეტში ამ პერიოდში 65 ტონაზე მეტი პროდუქტი დარიგდა.
სოლიდარობისა და სამოქალაქო აქტივიზმის საუკეთესო მაგალითად იქცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდის ინიციატივაც – მან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 22 ოჯახს მიწები უსასყიდლოდ დაუმუშავა, თუმცა, თავად ვინაობის გამხელა არ ისურვა.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პანდემიის დროს აქტიური მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის არაერთი კარგი პრეცედენტი შეიქმნა.
 
სიუჟეტი სწორედ პანდემიის დროს ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოვლენილი კარგი პრაქტიკის მაგალითზე მოგვითხრობს. ის მომზადებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, რომელიც ქართველ პარტნიორებს პანდემიის მართვაში ეხმარებოდა.
შეგახსენებთ, რომ GIZ, გერმანიის მთავრობის დავალებით, 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს. ორგანიზაცია პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში, ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ განვითარებას.