„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას მოუწოდებს, გაითვალისწინოს მისი გუნდის მიერ შემუშავებული სამი რეკომენდაცია, რომელიც სესხებზე პროცენტის ჩამოწერას, მანქანების რეექსპორტთან დაკავშირებით სპეცპროექტის გაკეთებას და ტურისტული სექტორის საბანკო პროცენტების სრულ სუბსიდირებას ითვალისწინებს.
ვაშაძის თქმით, „დამსხვრეული ოცნებების“ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა „კვლავ ნახევარი ნაბიჯებით და ცრუ საქმით არის დაკავებული”.
„5 მილიარდია საქართველოსთვის გამოყოფილი, საიდანაც არაფერი ქართულ ბიზნესს არ მიუღია. მხოლოდ და მხოლოდ ფუქსავატური, ზედაპირული განცხადებებით არიან დაკავებულები. გუშინ გვითხრა, რომ მანქანების განბაჟების ვადას გადაავადებს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვითხოვდით და ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ საკმარისი არ არის. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ დღეს საქართველოში მთავარი პრობლემა არის სასესხო ვალდებულებები, რომელიც აქვს მანქანების რეექსპორტის ბიზნესში ჩართულებს, ტურისტურ სექტორს და არაფერს ამ მიმართულებით არ აკეთებს „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობა. მივმართავ პირადად გახარიას: ბატონო ჩემო, თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამ ქვეყანაში მართლა ბნელა? 45 მლნ ლარი აჩუქეთ თქვენთან დაკავშირებულ კომპანიებს. ამაზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, IDF, bellingcat და კაპიები გადაუგდეთ ხალხს. მხოლოდ და მხოლოდ საბაჟო გადასახადის გადავადება ეყოფა იმ სექტორს, რომელიც 10 000 ოჯახს არჩენდა საქართველოში ან ტურისტული სექტორი, რომ მიაგდეთ და აღარაფერს აღარ აკეთებთ ამ სექტორთან დაკავშირებით? თქვენ გგონიათ, რომ ის სასტუმრო ინფრასტრუქტურა რომ მოინგრევა ამ ქვეყანაში, მერე ამის ხელახლა აშენება მარტივი იქნება? კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ნუ ხართ დაკავებული ცრუ საქმით და ზედაპირული განცხადებებით. გაიაზრეთ, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი პრობლემა, შეეშვით ფულის კეთებას“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.
„პირდაპირ გეუბნებით, პირადად თქვენ – უმძიმესი ვითარების დროს, გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენ გაძლევთ. პირველი – აუცილებლად სესხზე პროცენტი უნდა ჩამოიწეროს მთელი კრიზისის პერიოდში, ამის რესურსი საბანკო სექტორში არის, 130 მილიონი მოგება აჩვენა მხოლოდ ივნისში საბანკო სექტორმა, მაშინ როდესაც ყველა ვიყავით უმძიმეს ვითარებაში. მეორე – დაუყოვნებლივ სპეცპროექტი უნდა გაკეთდეს მანქანების რეექსპორტითა დაკავშირებით, რაც უნდა გავრცელდეს 1-ლი მაისის შემდგომ შემოყვანილ მანქანებზე და სპეციალური პროცედურით მანქანების ყიდვის მიზნით, ვინც შემოდის საქართველოში, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა წინასწარი ტესტირებით ჩამოვიდნენ და იმ მანქანების გაყიდვა მოხერხდეს, რომლებიც დგას საქართველოში. მესამე – ტურისტულ სექტორში სრული სუბსიდირება უნდა მოხდეს იმ საპროცენტო ნაწილის, რომელსაც ბანკები ახდევინებენ ტურისტულ სექტორს, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ და მივმართავ პირადად გახარიას, ნუ ხართ დაკავებული მხოლოდ ტელევიზიაში პრანჭვითა და ცრუ საქმით. უმძიმეს ვითარებაში არის ქართული ეკონომიკა, შეეშვით ფულის კეთებას , ახლა მაინც ამ უმძიმეს პირობებში და რეალური ნაბიჯები, ქმედითი ნაბიჯები გადადგით ქართული ბიზნესის დასახმარებლად“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.