ჭიჭინაძე: მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის საკმაოდ მძიმეა

738

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში მძიმე შედეგებია მოსალოდნელი, რასაც არც პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უარყოფს.

მისი განმარტებით, მთავრობის მიერ დაანონსებული 200-300 ლარიანი დახმარება ეკონომიკის გადარჩენისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის იმ ფონზე, როცა სამუშაო ადგილები იკარგება.

“თუ დღეს საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის საკმაოდ მძიმეა და მთავარი გამოწვევა ეკონომიკაა, მე ვაცხადებ, რომ ოქტომბერში ამას მოსახლეობის 80% იტყვის, რადგან სამუშაო ადგილები ყოველ დღე იკარგება. ეკონომიკაში მოსალოდნელ მძიმე შედეგებს არც პრემიერი გახარია უარყოფს და საკმაოდ უიმედოდაც გამოიყურება. ეს კი, პირველ რიგში, „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაშიც ჩანს, რადგან მათ ისიც კი არ იციან, რას დაჰპირდნენ ამომრჩეველს. მარტო ის, რომ ვიღაცებს 200-300 ლარს დაურიგებენ, ეკონომიკის გადარჩენისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სამუშაო ადგილები იკარგება. ამიტომ ვამბობ წლებია, პანდემიის გამოცხადების პირველი დღიდან კი განსაკუთრებით, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი ეკონომიკა უნდა იყოს და ამ ეკონომიკაში მთავარი ფაქტორი ბანკებია“, – აცხადებს ჭიჭინაძე.