“დავიღალეთ ასე ცხოვრებით”- ნინოწმინდის 8 დასახლებაში გასხვისებულ საძოვრებს აპროტესტებენ

751

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავოტორი: თაკო ფეიქრიშვილი, რიმა სარუხანიან, გიორგი ლონდარიძე

2020 წლის იანვრიდან დღემდე, თვე არ გავა ნინოწმინდაში ადგილობრივებმა საძოვრების საკითხზე აქცია რომ არ გამართონ. პროტესტის ნიშნად, ისინი ხან ცენტრალურ გზას კეტავენ, ხან ნინოწმინდის მერიაში მიდიან, ხან დასახლებებთან იკრიბებიან. არის შემთხვევები, როცა ამ საძოვრების გამო სიტყვიერი დაპირისპირებაც ხდება.

ორლოვკა, ჟდანოვაკანი, საღამო, გორელოვკა, ნინოწმინდა, ტამბოვკა, ოროჯალარი, ეშტია – ეს ის დასახლებებია, სადაც მოსახლეობამ სათიბ-საძოვრების გასხვისების გამო, პროტესტი გამოხატა და აქცია გამართა. ყველა სოფელში ერთ და იგივე პრობლემაა და ყველგან მოუგვარებელი. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრივილეგირებული ადამიანები საკუთრებაში ან იჯარით იღებენ სახელმწიფო ტერიტორიებს, რის შედეგადაც ადგილობრივები საძოვრების გარეშე რჩებიან.

25 ივლისს, ნინოწმინდის სოფელ ორლოვკაში მცხოვრები 30 კაცი დილიდან პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. „სამხრეთის კარიბჭეს“ სოფელში განუცხადეს, რომ წინა დღეს სათიბ-საძოვრების საკითხზე დასახლებაში დაპირისპირება იყო და ამის გამო სამართალდამცველებმა ისინი პოლიციაში დაიბარეს.

სათიბების თემა აქაურებისთვის დაუსრულებელი პრობლემაა. 23 მაისს, გაყიდული საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით ორლოვკელებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და ადგილობრივი თვითმმართველობაც საქმის კურსში ჩააყენეს, მაგრამ უშედეგოდ. დღემდე საძოვრებს კერძო მფლობელები ჰყავს.

სოფელში ამბობენ, რომ საძოვრების უმატესი ნაწილი ამავე სოფლის მკვიდრმა, ძმებმა აზატ და ასატურ ეღოიანებმა დაიკანონეს და ახლა თურქ მწყემსებზე აქირავებენ.

„ჩვენს სოფელში 60 ოჯახი ცხოვრობს, სოფლის 95% მოვითხოვთ, მთავრობამ სხვა ადგილი გამოგვიყოს და იქ დავსახლდებით, საერთოდ წავალთ ამ სოფლიდან, იმიტომ, რომ საძოვრების პრობლემის გამო უკვე აღარ შეგვიძლია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სოფლის მიწები კერძო პირებმა დაიკანონეს და საქონელს ვეღარ ვინახავთ. სახელმწიფო მოხელეები გვეუბნებიან, რომ ეს მიწები სოფლისაა, მაგრამ ეს ე.წ. მფლობელები ამ მიწას იჯარით აძლევენ კახეთიდან ჩამოსულ თურქებს, რომლებსაც 5 000 სული 10 000 სული ცხვარი ჰყავთ“, – ამბობს ორლოვკაში მცხოვრები ანდანიკ ეღოიანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ ორლოვკის მიმდებარედ დაახლოებით 900 ჰექტარია გასხვისებული და მას ხუთი მეპატრონე ჰყავს.

მოსოიანის განმარტებით, ხუთივე მათგანს საძოვრების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს, ამიტომ თუ ადგილობრივებს გასხვისებასთან დაკავშირებით „პრეტენზია აქვთ, სხვა უწყებებს უნდა მიმართონ“.

„დეტალები არ ვიცი, მაგრამ წლების წინ შეისყიდეს. დამადასტურებელი დოკუმენტები აქვთ საჯარო რეესტრიდან. ეს ჩვენი გადასაწყვეტი თემა არაა“, – ამბობს ნინოწმინდის მერი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახელმწოფო ორგანოებს საქმის შესწავლის მიზნით მიმართეს, მაგრამ ჯერ პასუხი არავისგან მიუღიათ: „მფლობელები ამბობენ, რომ 2017 წელს იყიდეს ეს მიწა, მაგრამ როგორც კანონში წერია, სახელმწიფო მიწები 2007 წლის შემდეგ არ გაყიდულა. რაღაცა დოკუმენტი გვაჩვენეს, მაგრამ ჩვენ არ გვესმის ნამდვილი დოკუმენტია, თუ არა. ვფიქრობთ, რომ დოკუმენტს საფუძველი არ აქვს. იმაზეც დავთანხმდით, რომ თუ თურქებმა იჯარა გადაიხადეს, იყვნენ წელს ამ მიწაზე, მაგრამ ჩვენს სათიბს არ შეეხონ, საზღვარიც გავხაზეთ ჩვენი სათიბის, მაგრამ ფაქტები გვაქვს, რომ ღამე ცხვარს ჩვენს მიწაზე აძოვებენ“,– გვითხრა ორლოვკელმა ანდანიკ ეღოიანმა.

აღმოჩნდა, რომ გასხვისებული 900 ჰექტარის გარდა, ადგილობრივები ვერც სოფლის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებს იყენებენ. ამ ფაქტს ნინოწმინდის მერიც ადასტურებს: „თითოეულ ორლოვკელს ათ სულზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს და თივას ვყიდულობთ. გლეხი ცხოვრობს სოფლის მეურნეობით და არ აქვს მიწის ნაკვეთები. აქამდე არ ვიცოდით, რომ არსებობს სახელმწიფოს, თავისუფალი მიწები, ახლა გავიგეთ, მაგრამ ისინიც გარშემორტყმულია გასხვისებული ნაკვეთებით და იქამდე რომ მივიდეთ უფლებას არ გვაძლევენ“, – ამბობს ორლოვკელი ვოსკან ბაბოიანი.

ორლოვკის მსგავსად სათიბ-საძოვრების პრობლემაა მეზობელ სოფელ გორელოვკაშიც. აქ სათიბებისა და წყლის პრობლემაზე აქცია 2020 წლის იანვარშიც გამართეს. ადგილობრივებმა საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. პრობლება ისე გამწვავდა, რომ ორლოვკელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. აქციიდან შვიდი თვის შემდეგ ის მოგვარდა, რომ კერძო პირებმა, რომლებმაც მიწები შეისყიდეს, გორელოვკელებს წვრილფეხა პირუტყვის საძოვებლად გარკვეული ტერიტორია დაუთმეს. მსხვილფეხა პირუტყვის ძოვება კი კონკრეტულ ნაკვეთებზე აუკრძალეს.

„დაახლოებით 700 ჰექტარი საძოვარი დაგვითმეს, მოზარდი პირუტყვისთვის, მაგრამ სათიბი მიწები მაინც არ გვაქვს. ჩვენ 4 ჰექტარი სათიბი მიწა გვაქვს, მაგათ კი 400 ჰექტარი. ეს 700 ჰექტარიც იმიტომ დაგვითმეს რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა უთხრა“, – ამბობს გორელოვკის მკვიდრი ჰოვანეს ჰაირაპეტიანი.

აქაურები ირწმუნებიან, რომ მიწები ძირითადად ოთხ ადამიანზეა გასხვისებული. ოთხივე სახელმწიფო მოხელეა. მათგან ერთი კი ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი. წყლისა და საძოვრების პრობლემაზე იანვარში ადგილობრივებს კიურეღიანთან დაპირისპირებაც ჰქონდათ.

დავიღალეთ ასე ცხოვრებით. საძოვარიც კი აღარ გვაქვს ყველაფერი მაგათია [კიურეღიანების]. ჩვენ ფეოდალურ სამყაროში ვცხოვრობთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

გორელოვკაში ამბობენ, რომ ნაკვეთების მფლობელებს ადგილობრივები განზრახ შეცდომაში შეჰყავთ: „კოლხოზში“ პირუტყვი არ გვყავდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემედეგ დავიწყეთ ცხოველების გამრავლება. გვითხრეს მიწები ჩვენიაო, მოგვატყუეს რომ დოკუმენტი აქვთ, ახლა გავიგეთ, რომ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. მთელი გორელოვკის მიწები ოთხი პიროვნების ხელშია“, – ამბობს გორელოვკის მკვიდრი არტაშ ჰაირაპეტიანი.

იმას, რომ სუმბატ კიურეღიანს სოფელ გორელოვკაში საკუთარებაში აქვს ასობით ფართობი სასოფდლო-სამეურნეო მიწის ფართობი, მისი ქონებრივი დეკლარაციაც ადასტურებს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის საკუთრებაში არსებული ტერიტორია 2,17-ჯერ დიდია, ვიდრე ჯუჯა სახელმწიფო მონაკო. თუმცა კიურეღიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ტერიტორიების ფლობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს:

„სოფელ გორელოვკას აქვს 6 700 ჰექტარი მიწა, აქედან ჩემს ოჯახს ეკუთვნის 187 ჰექტარი. აქაც კოოპერატივი გვაქვს შექმნილი და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული, აქვთ მეურნეობა. ეს კოოპერატივი ფლობს მას, თორე მე მაქვს დაახლოებით 2 ჰექტარ – ნახევარი მიწა“, – აცხადებს კიურეღიანი.

საძოვრების ანალოგიური პრობლემა დგას ქალაქ ნინოწმინდასა და სოფელ ტამბოვკაში. აქ მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საძოვრების ფართობი ყოველწლიურად მცირდება. გარდა ამისა, გზა, რომლითაც პირუტყვი საძოვარზე დაჰყავთ, გაყიდულია. პროტესტის ნიშნად ადგილობრივები 2020 წლის ივნისში გამოვიდნენ.

„სად არის კანონი და ხელმძღვანელობა?! 500–მდე საძოვარი უკანონოდ გაყიდეს. ვის აქვს უფლება საძოვრების გაყიდვის? გლეხები მიწათმოქმედებით ვირჩენთ თავს, მაშინ დაგვასაქმონ. დაურეკონ ექსპერტებს და მოაგვარონ ეს საკითხი. ყოველწლიურად ვიკრიბებით, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ხდება”,- აცხადებს ნინოწმინდაში მცხოვრები ხორენ ბდოიანი.

საძოვრებზე გასხვისებაზე პროტესტის ნიშნად 26 ივნისს მუნიციპალიტეტსი მერიაში აქცია მოაწყეს სოფელ განძასა და საღამოს მცოხვრებლებმაც.
„საძოვრები არ გვაქვს, პირუტყი ვერ გაგვყავს გარეთ, გაყიდეს მიწები თურქებზე. თუ ჩვენი სოფლელი მივა და თურქს რამეს ეტყვის, 2000 ლარით დაჯარიმდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი ტერიტორია დაგვიბრუნონ, რომ ვიცხოვროთ, შევინარჩუნოთ ჩვენი ოჯახები სხვა არაფერი არ გვინდა, არც ფული და არც სამსახური“,– ამბობს სოფელ განძას მკვიდრი გევორგ გასპარიანი.

ორი კვირის შემდეგ, აქცია გამართეს სოფელ ჟდანოვაკანშიც. პროტესტის ნიშნად, ადგილობრივებმა 9 ივლისს ნინოწმინდა-ბავრას საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ნინოწმინდის მუნიციალიტეტის რვა დასახლებაში არსებული საძოვრების პრობლემა წლიდან წლამდე მოუგვარებელია. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ასეთი დასახლებების რაოდენობა იზრდება. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ 26 ივნისს საკრებულოში სოფლის მეურნეობის მიწების მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც სახნავ–სათესი ნაკვეთების გასხვისების საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციოს. თუმცა ადგილობრივებს ამ კომისიის სამართლიანად მუშაობის არ ჯერათ და ამბობენ, რომ კომისია საკრებულოში შეიქმნა, საკრებულოს თავმჯოდმარე კი ერთ-ერთია, ვისაც ნინოწმინდაში მიწებზე მონოპოლია აქვს აღებული.

თავად სუმბატ კიურეღიანი კი ამბობს, რომ კომისიის მუშაობის შედეგი უკვე არსებობს: „კომისია, რომელიც შეიქმნა აკონტროლებს იმ მომხმარებლებს, ვინც სახელმწიფო მიწას იყენებს. ვამოწმევთ არიან თუ არა გადასახადის გადამხდელები. გამოვავლინეთ ფაქტები, როცა მფლობელის ხელშეკრულების ვადა იყო ამოწურული და მიწებს სახელმწიფო სტატუსი მიეცა, სანამ სხვა მფლობელი არ გაუჩნდება“, – აცხადებს კიურეღიანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი ამბობს, რომ საძოვრების პრობლემის მოგვარება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა.

„ეს საკითხი მუნიციპალური დონეზე არ მოგვარდება, რადგან ქონება არ არის მუნიციპალური. ამას გადაწყვეტს ეკონომიკის სამინისტროს და ქონების სააგენტო. ჯერ-ჯერობის სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს. არის შექმნილი ჯგუფი, რომელიც დადის და ინსპექტირებას ატარებს სახელმწიფო მიწებზე. როგორც ჩანს, ინვენტარიზაციით დაიწყო“, – აცხადებს მოსოიანი.

ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ნინოწმინდაში საძოვრების პრობლემასთან დაკავავშირებით მათთან საჩივარი არ შესულა. რაც შეეხება მიწების შესაძლო უკანონო გადაცემას, უწყებაში ამბობენ, რომ ტერიტორიები გაცემულია კოოპერატივებზე:

„ჩვენ მიწები მხოლოდ კოოპერატივებს მივეცით, იმ კოოპერატივებს, სადაც იმ სოფლის ხალხი ერთიანდება და 500- 600 სული პირუტყვი ჰყავთ. მაშინ კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ საკადასტრო კოდი, რომ ჩვენთან გადავამოწმოთ, გაცემული გვაქვს თუ არა მიწა სხვაზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივებს პრობლემა აქვთ, რომ ვინმე სახელმწიფო საძოვრებით უკანონოდ სარგებლოს, პრობლემა ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს, მათ შეუძლიათ საკადასტრო კოდების მეშვეობით ფართობების მეპატრონეების ვინაობა გადაამოწმონ:

„ჩვენ როცა ვინმეს ხელშეკრულებას ვუფორმებთ, ამ ხელშეკრულების მონიტორინგი ხდება, მაგრამ სათიბებზე არ გვაქვს არავისთან მსგავსი რამ და ვერც მოხდება, რადგან ეს არის მარტო კოოპერატივების თემა. თუ ვიმე უკანონოდ სარგებლობს, მუნიციპალიტეტი არის კომპეტენტური, რომ შესაბამისი ჯარიმა გამოწერონ. საჯარო რეესტრი ღიაა, შეიყვანონ კოდი და ნახავენ ვინ არის მესაკუთრე და თუ კმესაკუთრე სახელმწიფოა და ვიღაც სხვა სარგებლობს, ეგ უკვე მერე მაგათი კომპეტენციაა“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრებისა და სათიბი ტერიტორიების რა ფართობია გასხვისებული ან იჯარით გაცემული კერძო და იურიდიული პირებზე, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართა.

მათი ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჯამში 2129.3 ჰექტარია იჯარით გაცემული.

მათგან:
– 1 161 ჰექტარი – რკ „განძა +“-ს 2018 წლიდან 25 წლიანი იჯარით აქვს აღებული.
– 200 ჰექტარი – ქალამ ნასიბოვს 2005 წლიდან 49 წლიანი იჯარით.
– 103 ჰექტარი – სარგის ღარაგოზიანს 2003 წლიდან 49 წლიანი იჯარით.
ასევე იჯარით აქვთ მიწები აღებული ვილსონ ტონოიანს, მკრტიჩ სოღოიანს, არტურ ტონაკანიან, რკ “იმედს“.